„არის საკითხები, რომელიც მე მომაგონებს ტერმინს „მეგობრული ცეცხლი“. ეს ტერმინი საომარი მოქმედებების დროს გამოიყენება. ამას ჰქვია მეგობრული ცეცხლი, როდესაც უნებლიეთ მეგობარი აზიანებს მეგობარს“, – განაცხადა „ტვ პირველთან“ უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ ამერიკელი სენატორების წერილებთან დაკავშირებით.
გია ვოლსკის თქმით, ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობა ერთი მხარის ინტერესი არ არის და ეს საკითხები უპასუხოდ არ უნდა დარჩეს.
„მე ვფიქრობ, რომ ის თემა, რასაც ჰქვია ქართულ-ამერიკული პარტნიორული ურთიერთობები, არ არის მხოლოდ ერთი მხარის ინტერესი. ეს არის რეგიონის ინტერესი, ეს არის ჩვენი, ორივეს ინტერესი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ ამ საკითხების უპასუხოდ დატოვება“, – თქვა ვოლსკიმ.
დღეს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა სენატორმა, ჯიმ რიშმა და ევროპის ქვეკომიტეტის უმცირესობის დემოკრატმა ლიდერმა, სენატორმა, ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობას წერილით მიმართეს.
წერილში კომიტეტის წევრები შეშფოთებას გამოთქვამენ საარჩევნო რეფორმის დაპირების უკან წაღების, ოპოზიციის წარმომადგენლების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეების გახსნისა და პროტესტის ჩახშობის თაობაზე. სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დემოკრატიული პრინციპები დაიცვას და აფრთხილებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლებელია, ამერიკა-საქართველოს პარტნიორობა გადაიხედოს.