კომპანია „მაგთიკომი“ კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურების ფასების კვლევის შედეგებს განცხადებით ეხმაურება და ამბობს, რომ „კომისია კვლად იყენებს Fake News-ების გავრცელების ტექნოლოგიას და მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას – თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს“.
„აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
როგორც „მაგთიკომი“ აღნიშნავს, კვლევის გაცნობის შედეგად:
- საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად იაფია;
- მაგთიკომის მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით;
- მაგთიკომის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების პაკეტები, მაგალითად „ულიმიტო მობილური ინტერნეტი” – ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში;
- კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს.
„მაგთიკომის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას.
მაგთიკომი რეაგირების გარეშე არ დატოვებს კომისიის მიერ Fake News-ების გავრცელებას და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას“, – წერს კომპანია გავრცელებულ განცხადებაში.
17 იანვარს, კომუნიკაციების კომისიამ 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგები გაასაჯაროვა.
კომუნიკაციების კომისიის ცნობით, 100 მბ/წმ-იანი ფიქსირებული ინტერნეტი საქართველოში, ევროპის ქვეყნებთან შედარებით, 136%-ით, ხოლო 10 გბ. მობილური ინტერნეტი და 1795 წუთი სასაუბრო დრო, 24 ევროპული ქვეყნის საშუალო ფასთან შედარებით, 35%-ით უფრო ძვირია.
ეს შედეგები ევროკავშირის წევრი 22 ქვეყნისა და დიდი ბრიტანეთის ანალოგიურ მაჩვენებლებთან, საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების შედარებითმა ანალიზმა აჩვენა, რომელიც კომუნიკაციების კომისიის დაკვეთით 2023 წლის აპრილში ჩატარდა.
„ბენჩმარკინგის” კვლევის შედეგების თანახმად, საქართველოში დაბალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებები, როგორც მობილურ, ისე ფიქსირებულ ბაზარზე, კვლევაში შემავალი ქვეყნების ფასების თითქმის ანალოგიური ან უფრო იაფია.
რაც შეეხება მაღალი მოცულობის და სიჩქარის მომსახურებების ფასებს – ევროპული ქვეყნების საშუალოს მნიშვნელოვნად აჭარბებს.
კვლევის მიხედვით მაღალი მოცულობისა და სიჩქარის მომსახურებებზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და პრობლემურია, ვინაიდან 2022 წლის მონაცემებით, მობილური ინტერნეტის მოხმარება მკვეთრად მზარდია და საშუალოდ 12 გბ-ს აღწევს.
კვლევის შედეგებს გაეცანით ბმულზე.