მაია ასათიანს „რუსთავი 2-ის“ გენერალური დირექტორი პასუხობს | „პროფილის“ ავტორი არხს ტოვებს

პუბლიკა

გადაცემა „პროფილის“ ავტორმა და წამყვანმა მაია ასათიანმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დატოვა, შესაბამისად არხზე მისი გადაცემა აღარ გავა. ამის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გადაცემის გვერდზე გავრცელდა, მოგვიანებით კი პრომო ვიდეოც დაიდო.

„დღე მე აქ, ამ არხზე ჩემს 20-წლიან ისტორიას ვასრულებ. ბოლო გავდივარ, იმიტომ, რომ აქ იმ სინათლეს, წლების წინ მთელი საქართველოს მთავარი იმედი რომ იყო, ვეღარ ვხედავ. დღეს ბოლო პროფილია“, – ამბობს ასათიანი ვიდეოში.

„პროფილის“ ავტორის მონოლოგს გამოეხმაურა არხის გენერალური დირექტორი პაატა სალია.

„თავს ვალდებულად მივიჩნევ და მსურს გამოვეხმაურო გადაცემა – „პროფილის” ავტორის ემოციურ მონოლოგს, სადაც ის ტელეკომპანიის და მისი თანამშრომლების მიმართ დაუმსახურებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებას აკეთებს.

მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ახალი მფლობელის პირობებში არცერთი გადაცემის და მათ შორის „პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფის სარედაქციო საქმიანობაში, არცერთ ეტაპზე, რაიმე სახის ჩარევას ადგილი არ ჰქონია.

„პროფილის” დახურვა არ მომხდარა არხის მენეჯმენტის ინიციატივით, ეს გადაწყვეტილება გადაცემის ავტორმა, მაია ასათიანმა, გუნდთან ერთად, თავად მიიღო, მას შემდეგ, რაც ახალ საეთერო ბადეში შეჩერდა, ამავე გუნდის მიერ მომზადებული გადაცემა – „შორენას ეფექტი”.

მაია ასათიანს ჰქონდა სრული გარანტია, რომ მიუხედევად არხზე მიმდინარე ცვლილებებისა, გადაცემა „პროფილის” შემოქმედებითი ჯგუფი ავტორთან ერთად, ჩვეულ რეჟიმში განაგრძობდა მუშაობას.

„რუსთავი 2″ წარმატებას უსურვებს „პროფილის” შემოქმედებით ჯგუფს.

ტელეკომპანია კი მალე არხის მაყურებელს ბევრ ახალ და საინტერესო პროექტს შესთავაზებს და უმოკლეს დროში კვლავ გახდება ნომერ პირველი“, – წერია განცხადებაში.


ტელეკომპანია „რუსთავი 2″ და საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი” ერთ მედიაჰოლდინგში ერთიანდებიან, – ამის შესახებ „პუბლიკას” „რუსთავი 2-ის” დირექტორმა პაატა სალიამ განუცხადა.

მისი თქმით, ამის მიზანია, რომ პროცესები სინერგიით წარიმართოს. მთავარი ამოცანა კი არხის რეიტინგის გაზრდაა, ამისთვის კი არსებობს გრძელვადიანი გეგმები. სალიას თქმით, ასევე იგეგმება ტელეკომპანიის რესტრუქტურიზაციაც.

„ამოცანა საინფორმაციო სააგენტოსა და ტელევიზიის ეფექტურობის გაზრდაა”, – აღნიშნავს სალია.