მაია რჩეულიშვილთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა, ის ციხეს დატოვებს

პუბლიკა

„ცენტრ პოინტის“ დამფუძნებელ მაია რჩეულიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ის საპატიმროს, სავარაუდოდ, რამდენიმე წუთში დატოვებს.

საპროცესო შეთანხმება მხარეებს შორის სააპელაციო სასამართლოში გაფორმდა.

რჩეულიშვილის ადვოკატის, ბონდო ათიაშვილის ინფორმაციით, „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულებს ინვესტორები ეტაპობრივად დააკმაყოფილებენ და მათი პრობლემა მოგვარდება.

15 სექტემბერს თბილისის მერიამ რელიზი გაავრცელა, რომ „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულების პრობლემა გადაიჭრა.

„ყველა ობიექტისთვის გამონახულია გადაწყვეტის გზები, ყველგან მიმდინარეობს სარემონტო, სამშენებლო და სანებართვო პროცედურები. ჩვენ, თბილისის მერია, ვართ გარანტორი იმისა, რომ ყველა ობიექტი ჩაბარდება მაღალი ხარისხით და დათქმულ ვადებში“, – განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმში განსაზღვრული ვადების შესრულების გარანტორი თბილისის მერია იქნება.

კომპანია „ცენტრ პოინტის” დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, მაია რჩეულიშვილის წინააღმდეგ საქმე რამდენიმე ეპიზოდს მოიცავს. მას „მიონის” ეპიზოდზე 7 წელი მიესაჯა, საიდანაც 4 წელი და 6 თვე უკვე მოხდილი აქვს.

მაია რჩეულიშვილის დამ, რუსუდან კერვალიშვილმა საპატიმრო 30 მარტს დატოვა.