მაიკ პომპეოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ყველა მიმართულებაზე გვექნება ლაპარაკი – ბაქრაძე

პუბლიკა

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის, დავით ბაქრაძის განცხადებით, მაიკ პომპეოს ვიზიტი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს, ასევე რეგიონისთვის; მისი თქმით, აშშ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერია და სწორედ ამ მხარდაჭერის მეშვეობით ხორციელდება არაღიარების პოლიტიკაც. დავით ბაქრაძის განცხადებით,  ქართული მხარე ელოდება, რომ ამ ვიზიტითაც კიდევ ერთხელ გაესმება ხაზი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

ელჩის შეფასებით, ასევე მნიშვნელოვანია თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველო-აშშ-ის ორმხრივი თანამშრომლობა, რაც, მისი თქმით, ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც დავით ბაქრაძემ გაუსვა ხაზი, COVID-პანდემიის ფონზე ეკონომიკური განვითარებაა. ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ როგორც საქართველოსთან, ისე საქართველოს გავლით რეგიონთან ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება იქნება მნიშვნელოვანი თემა, რომელსაც მაიკ პომპეოსთან განიხილავენ.

აშშ-ში საქართველოს ელჩმა ვიზიტის ფარგლებში მაიკ პომპეოსთან დაგეგმილ შეხვედრებზე ისაუბრა.

როგორც ცნობილია, ის ხვდება პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, პატრიარქს, სამოქალაქო სექტორს, თუმცა არ ხვდება პოლიტიკურ ოპოზიციას.

შეკითხვაზე, არის თუ არა იმის შანსი, რომ ოპოზიციასაც შეხვდეს პომპეო, ბაქრაძე პასუხობს:

„დღის წესრიგი ამერიკის სახელმწიფო მდივნის უკვე გაწერილია. ვიცით ის შეხვედრები, რომელსაც გამართავს მაიკ პომპეო. გვექნება ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული ურთიერთობის ყველა მიმართულებაზე ლაპარაკი და ეს მოიცავს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს, ეკონომიკისა და ვაჭრობის მხარდაჭერას, დემოკრატიულ განვითარებას;

ეს საკითხები არის ჩვენი დღის წესრიგი, სადაც საქართველომ უკვე აჩვენა, რომ რეგიონში ის არის შეერთებული შტატების ყველაზე სანდო პარტნიორი; აჩვენა მაგალითი იმისა, რომ ამერიკის მხარდაჭერამ მოიტანოს ქვეყნის მნიშნელოვანი, ძლიერი განვითარება“, – განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძემ საქართველოში შტატების სამხედრო ბაზის განთავსების შესაძლებლობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ამერიკასთან თანამშრომლობით საქართველოს თავდაცვისუნარიანობა მტკიცდება, ასევე მტკიცდება საქართველოს თავსებადობა ალიანსთან.