დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ არც ერთი შემთხვევა არ არის დაფიქსირებული. მისივე თქმით, ამ ეტაპზე საეჭვო შემთხვევის იდენტიფიცირება შესაძლებელია გენუმის სეკვენირებით, მალე კი ვირუსის სადიაგნოსტიკოდ ქვეყანაში სწრაფი პისიარ ტესტებიც იქნება.
გამყრელიძის კომენტარს „პირველი არხი“ ავრცელებს.
„ჩვენ დღეს შეგვიძლია „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის დიაგნოსტიკა. მისი იდენტიფიცირება შეგვიძლია გენუმის სეკვენირებით. სეკვენირების პროცესს სჭირდება სამიდან 4-5 დღემდე. რაც შეეხება სწრაფ პისიარ ტესტებს, რამდენიმე დღეში, მომავალ კვირაში მაინც გვექნება პრაიმერები, რომ ავაწყოთ ეს ტესტი. სავარაუდო შემთხვევა ჯერ არ ყოფილა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამასთან, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ევროპის წამლების სააგენტომ ავტორიზაცია მისცა მედიკამენტს, რომელიც „მაიმუნის ყვავილის“ დროს შეიძლება, იყოს გამოყენებული. მისივე თქმით, საქართველო ამ პრეპარატზე განაცხადს გააკეთებს.
„რა თქმა უნდა, პრეპარატზე გავაკეთებთ განაცხადს. მოგეხსენებათ, არსებობს ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზირებული მედიკამენტი. სამინისტრო უკვე მუშაობს და ვფიქრობთ, იქნება ქვეყანაში, მაგრამ დღეს ძირითადად სიმპტომური მკურნალობაა“, – აღნიშნა გამყრელიძემ.