„მაინც ყოველთვის შენზე თავისუფალი ვიქნები, რიგითო ქოცო" | რეზო კიკნაძის წერილი ციხიდან

პუბლიკა

საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულმა რეზო კიკნაძემ „ტვ პირველს“ წერილი გაუგზავნა.

კიკნაძემ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სოლიდარობისა და მხარდაჭერის ნიშნად ციხეში შიმშილობა დაიწყო.

„აქ ხომ პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთი საშუალება, შიმშილობა შეგვრჩა“ – წერს წერილში რეზო კიკნაძე და საუბრობს იმაზე, თუ რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება.

მისი თქმით, ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს უფლებას ვერ მისცემდა, ჩვეულებრივად გაეგრძელებინა საკანში ცხოვრება და ამიტომ უკვე მესამედ შიმშილობს.

„ერთი ჩვეულებრივი საღამო იყო გუშინ, 84-ე საკანში. ტელევიზორი გვქონდა ჩართული, მე წიგნს ვკითხულობდი, როცა TV პირველიდან ხმა ჩამესმა – „ქალბატონი მზია, 7 დღეა, შიმშილობსო”. მაშინვე ბრძოლა წავიდა ჩემს თავში. მეც ხომ არ შევუერთდე ხვალიდან, კარგი იქნება, სოლიდარობას გამოვუცხადებ თან იქნებ სხვებიც აგვყვნენ. აქ ხომ პროტესტის გამოხატვის და ბრძოლის ერთადერთი საშუალება, შიმშილობა შეგვრჩა.

სხვებიც რომ აგვყოლოდნენ, კარგი იქნებოდა, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, მე ჩემი უნდა გამეკეთებინა. უსამართლო მოსამართლეებმა 80-კაციანი ბანკეტი, ჭამა-სმა და ღრეობა მოაწყვეს უდანაშაულოთა დაღუპვის ფონზე. ჰოდა, ამის ფონზე მე ციხეში ვიშიმშილებ.

ბევრი რაღაც დაგროვდა ბოლო პერიოდში – ქალბატონი მზიას საქმე, ანუ ქალ ჟურნალისტებზეც გადავიდნენ. 616 გაურკვეველი დოსიეს მქონე პატიმრის შეწყალება, მაშინ როდესაც უდანაშაულოები საკნებში ჩაგვყარეს ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე. იმ 616 კაციდან კი ვინ რა დააშავა, ან რით დაიმსახურა ამნისტია, რატომღაც დაფარულია. საკმაოდ დიდ ეჭვს აჩენს – იქნებ ტიტუშკების მარაგი აქვთ შესავსები.

ყოველ დღე სხვადასხვა ლოკაციებზე თავს ესხმიან მშვიდობიან დემონსტრანტებს, პოლიტიკოსებს, ქალებს, კანონის ფარგლებში გაფიცულებს. მთავრობის მიგზავნილი ზონდერები და პოლიციის რეაგირება ნულია. ასევე, რუსული კანონის აქციებზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო, მისჯილი წლები და დაკარგული ახალგაზრდობა  და რისთვის ჯართზე? არმატურისთვის?

ამდენი უსამართლობის ფონზე, თავს ვერ მივცემდი უფლებას, ჩვეულებრივ გამეგრძელებინა თუნდაც აქაური ცხოვრება, მეჭამა და მესვა, თითქოს ყველაფერი რიგზეა. ამიტომ გადავწყვიტე, კვლავ, უკვე მესამედ მეშიმშილა. სხვანაირად აქ ბრაზი როგორ უნდა გამოხატო აბა? კარგი იქნებოდა სხვებიც ამყოლოდნენ და საერთო პროტესტის ფორმა მიგვეცა, ტალღა აგვეგორებინა”, – წერს კიკნაძე.

რეზო კიკნაძე წერილში მიმართავს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს და წერს, რომ ციხეშიც კი მათზე თავისუფალი იქნება.

„ჰო, კიდევ, 5 მარტამდე მე კიდევ ერთი სასამართლო ჩამენიშნა 6 თებერვალს – ადმინისტრაციული სისულელეების ამოქექვაზე ფულის გამოძალვაზე გადავიდნენ. სიტყვასიტყვით ასე წერია – 25 ნოემბერს ქვის ტარების გამო, შენახვასაც ხომ არ მედავებიან?! იქნებ გზებიც გაწმინდოთ ყველანაირი ქვისგან თუ უკანონო და აკრძალული საგანია, რატომ არის მაშინ ნებისმიერი ქუჩის ნებისმიერ წერტილში ხელმისაწვდომი? მებრძოლეთ რამდენიც გინდათ, ამ ბრძოლას შევეწირები და უსამართლობის მხარეს მაინც არ დავდგები. ვერ გამტეხთ!

ვიშიმშილებ თუ შიმშილის გარეშე ვიჯდები დილეგში, მაინც ყოველთვის შენზე თავისუფალი ვიქნები, რიგითო „ქოცო”. შენ ბელადს უნდა ასიამოვნო, მის ნათქვამს ვერ გადახვალ. ჩემს გონებას კი ვერავინ მართავს, ჩემი თავი მევე მეყუდვნის.

დაიმახსოვრეთ: თავისუფლება სულის ზეიმია და არა ხორცის! არ შეშინდე გაბრაზდი!”, – ნათქვამია წერილში.


10 იანვარს რეზო კიკნაძე და მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული კიდევ 10 პირი მოსამართლემ ქეთევან ჯაჭვაძემ პატიმრობაში დატოვა.

„საერთოდ ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით აქ ვინც ვართ, ჩვენ ვისჯებით რისთვის, სამშობლოს სიყვარულისთვის?! ვერ ვხვდები რისთვის ვისჯებით ეს ამდენი სამშობლოსთვის გულანთებული ადამიანი, ქვეყნის სიყვარულისთვის ვისჯებით?! რუსეთი რომ არ გვინდა მაგისთვის ვისჯებით?! პუტინის დაკრულ ტაშს აქედან რომ ტაშით არ ვპასუხობთ მაგისთვის ვისჯებით?! ევროპა რომ გვირჩევნია ირანს, ჩინეთს და ბნელეთს მაგისთვის ვისჯებით?!“, – თქვა კიკნაძემ სხდომაზე.