საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა პარლამენტის შენობაში მოშიმშილე პოლიტიკოსს, ელენე ხოშტარიას შეხვდა. „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია უკვე მესამე დღეა, შიმშილობს.
კახა კუჭავას თქმით, ელენე ხოშტარიასთან ჯანმრთელობის მდგომარეობის გარდა სხვა არაფერზე უსაუბრია.
„უბრალოდ, მოვინახულე. მაინტერესებდა, ჰქონდა თუ არა ყველანაირი პირობა. მინდა, ყველამ იცოდეს, რომ პარლამენტში მთელი დღის განმავლობაში ექიმი მუშაობს და თუ საჭირო იქნება, ყოველთვის შეეძლება, გამოიყენოს მისი მომსახურებაც.
მაინტერესებდა, თუ რამე აკლდა. პირობები… ან ა.შ. ყველაფრით არის კმაყოფილი და ხაზზე ვიქნებით. არ გვისაუბრია ელენეს ჯანმრთელობის გარდა არაფერზე. ყველა ადამიანს აქვს შიშმილობის უფლება. ჩემთვის მთავარია, რატომაც მოვედი, რომ რამე ხო არ აკლია და ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია და ჰქონდეს მაქსიმალური პირობა აქ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო. ის ამბობს, რომ არ შეწყვეტს შიმშილობას, სანამ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს სამოქალაქო კლინიკაში არ გადაიყვანენ. მიხეილ სააკაშვილი 36-ე დღეა, შიმშილობს რუსთავის მე-12 საპატიმროში.