„მაისის სტუდენტური მოძრაობა“: მოვითხოვთ, შემოგვიერთდეს პროფესურა

პუბლიკა

„მაისის სტუდენტური მოძრაობა“ გამოსახლებების შეჩერებას და დაკავებულთა გათავისუფლებას მოითხოვს. მოძრაობა აქვეყნებს ვიდეოს, რომელიც თსუ-ის კანცელარიის ოთახშია გადაღებული და რომელშიც სტუდენტები კიდევ ერთხელ გამოთქვამენ თავიანთ მოთხოვნებს.

დღეს სტუდენტური მოძრაობის წევრებმა თსუ-ის კანცელარია ორი მოთხოვნით დაიკავეს: შეწყდეს გამოსახლებები და გათავისუფლდნენ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია. ამასთანავე, სტუდენტები თსუ-ის და ილიას უნივერსიტეტის ადმინისტრაციას განცხადების გაკეთებისკენ მოუწოდებენ.

„ურო, რომლითაც აღსრულების პოლიცია ოჯახს კარს უმტვრევდა გამოდგა ამ უკანონობაზე წინააღმდეგობის იარაღი. აკაკი და გიორგი სწორედ სოლიდარობისთვის დააკავეს. გუშინ სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. მათ არ გაითვალისწინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შუამდგომლობა და აკაკი და გიორგი დატოვეს პატიმრობაში. ჩვენ ვიკავებთ უნივერსიტეტის კანცელარიას და ვითხოვთ, შემოგვიერთდეს პროფესურა – გაიფიცოს უნივერსიტეტი მანამ, სანამ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა არ გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობისგან და არ შეჩერდება დაგეგმილი გამოსახლებები.“


მოძრაობა „ხმის“ წევრები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა კეკელიძეზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს. გამოძიება მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის დაზიანებას ედავება. ბრალდება მათ სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „“ ქვეპუნქტით ჩადენილ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე. პირველი სასამართლო სხდომა 25 იანვარს გაიმართა. მოსამართლემ ორივე წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 48 საათში დაცვის მხარე წინასწარი პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.