„მაისის სტუდენტური მოძრაობა” უმაღლესი განათლების რეფორმის შესახებ სამთავრობო კომისიის მუშაობას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ სამთავრობო კომისია ვერ ასრულებს პროგრესულ როლს განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველყოფაში.
მოძრაობა მიიჩნევს, რომ რეფორმის განხილვის პროცესში სტუდენტებისა და პროფესორების წარმომადგენლობა აუცილებელია, ვინაიდან პირველ რიგში მათ ცხოვრებაზე აისახება ამ რეფორმის შედეგები.
„მაისის სტუდენტური მოძრაობა” მოუწოდებს უნივერსიტეტის რექტორებს, უზრუნველყონ კონცეფციის სტუდენტებთან, ლექტორებთან განხილვა და არა ბიზნეს სექტორთან.
გთავაზობთ განცხადებას სრულად:
„მაისის სტუდენტური მოძრაობა თვეებია თვალყურს ვადევნებთ განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის მუშაობას, რომელიც მკაცრად გასაიდუმლოებული იყო „ქართული ოცნების” მიერ და გვიწევდა რეფორმის შინაარსის გაგება ცალკეული განცხადებებიდან.
ასევე ამ წლების განმავლობაში, განათლების სისტემაში მათი მიერ გადადგმული ნაბიჯებით ვვარაუდობდით ინფრასტრუქტურულ თუ უნივერსიტეტების დაფინანსების ცვლილების მოდელს.
ბოლო განცხადება, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ მსჯელობს, ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტში მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელი დოკუმენტი იყო. აღნიშნულ ტექსტში ხაზგასმულია ახალი რეფორმის ძირითადი საკითხები. უმაღლესი განათლების დაფინანსების ცვლილების ხედვა, რომელიც უნივერსიტეტებს აყენებს არათანაბარ მდგომარეობაში და წამყვან უნივერსიტეტებს უბიძგებს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებზე უარი თქვან ბიზნესის მიმართულების ფაკულტეტების მხარდასაჭერად.
დოკუმენტში ასევე მკაფიოდ იკითხებოდა განათლების შრომით ბაზართან დაახლოების მიზანი, რაშიც მოიაზრება ის, რომ მეცნიერება კერძო სექტორის ინტერესებით ჩანაცვლდება. მეცნიერისა და სამეცნიერო ცოდნის ადგილი, კვალიფიციურმა მუშახელმა და სამომავლო შრომის ძალის აღზრდამ უნდა ჩაანაცვლოს.
სწორედ ამიტომ აპირებს მთავრობა რეფორმის მიღების პროცესში აქტიურად ჩართოს ბიზნესი. ეს ხედვა ეწინააღმდეგება საქართველოში განათლების საუკუნოვან ტრადიციას და წინააღმდეგობრივია მსოფლიო სამეცნიერო აკადემიების მიზნებთან, რაც საბოლოდ გაანადგურებს საუნივერსიტეტო საზოგადოებას საქართველოში. ეს ერთხელ უკვე ვნახეთ.
2005 წელს „ნაციონალურმა მოძრაობამ” უმაღლესი განათლების რეფორმით ჩამოშალა და გაანადგურა უნივერსიტეტები. სასწავლო დაწესებულებებს დაფინანსება შეუფერხა და სტუდენტების გადასახადებს დაუქვემდებარა. სამეცნიერო კათედრები გააუქმა და ფაკულტეტები შეამცირა. ათასობით მეცნიერი გააძევა ინსტიტუტებიდან. განათლების სისტემა ეკონომიკის ქვესექტორად გადააქცია.
დღეს კიდევ ერთი მსგავსი ტალღის პირისპირ ვდგავართ. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სამთავრობო კომისიების მუშაობამ სტუდენტებსა და პროფოსორებს დიდი პრობლემა შეუქმნა. სამთავრობო კომისია ვერ ასრულებს პროგრესულ როლს განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველყოფაში. როგორც გავიგეთ, კომისიას მზად აქვს რეფორმის კონცეფცია, რომელსაც გადაუგზავნის დარგის ექსპერტებს, ბიზნესსა და უნივერსიტეტის ხელმძღვანელებს. მათთან შეთანხმებით გააცნობს საზოგადოებას.
ბუნებრივია, ამ შემადგენლობას ერთმანეთთან წინააღმდეგობები არ ექნებათ. უნივერსიტეტების ხელმძღვანელები დაქვემდებარებულნი არიან მთავრობასთან. ბიზნესის ინტერესები ამ კომისიის პირობებში გათვალისწინებული იყო მინისტრებისა და მათი მოადგილეების სახით, ხოლო დარგის „ექსპერტების” წარმომავლობა გაურკვეველია.
სწორედ ამიტომ, განხილვის პროცესში სტუდენტებისა და პროფესორების წარმომადგენლობა აუცილებელია, ვინაიდან პირველ რიგში მათ ცხოვრებაზე აისახება ამ რეფორმის შედეგები. გვჭირდება კონცეფციის საუნივერსიტეტო სივრცეში განხილვა, მათ შორის კომისიასა და ყველა დაინტერესებულ პირთან ერთად, ვინაიდან გავიგოთ ვინ და როგორ აპირებს ჩვენი ბედის გადაწყვეტას, ისე, რომ საქმის კურსშიც არ გვაყენებენ.
მოვუწოდებთ სტუდენტებსა და პროფესორებს! ახალი რეფორმა ჩვენს გარეშე არ უნდა მიიღონ!
ასევე მოვუწოდებთ უნივერსიტეტის რექტორებს. უზრუნველყავით კონცეფციის სტუდენტებთან, ლექტორებთან განხილვა და არა ბიზნეს სექტორთან. ვინაიდან პირველ რიგში ჩვენ წინაშე ხართ ანგარიშვალდებულნი.
ბიზნესს არაფერი ესაქმება განათლების პოლიტიკის განსაზღვრის პროცესში. ამიტომაც, უნივერსიტეტის ხელმძღვანელებმა აკადემიური საზოგადოებას რეფორმის კონცეფცია კონკრეტულ შეთანხმებამდე უნდა გააცნონ. ჯერ სამეცნიერო კორპუსმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება სამთავრობო კომისიის მუშაობის ეფექტურობაზე. მეტიც, რეფორმის მოდელზე მუშაობის პროცესში სტუდენტისა და პროფესორის როლი უნდა გაიზარდოს.
სხვა შემთხვევაში უნივერსიტეტის რექტორებს მოგიწევთ პასუხისმგებლობის გადანაწილება სამთავრობო კომისიასთან ერთად.
განათლების სისტემა შესაცვლელია, მაგრამ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც არ მოიაზრებს – სტუდენტების საცხობრებლით სრულად დაკმაყოფილებას, სტიპენდიების პროგრესულ მოდელსა და სტუდენტების სწავლის გადასახადიდან განთავისუფლებას – არ არის მისაღები და მხარდასაჭერი”, – ნათქვამია განცხადებაში.
„ქართული ოცნების“ მთავრობის ცნობით, უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციას საზოგადოებას უახლოეს პერიოდში წარუდგენენ. ინფორმაცია „ოცნების” მთავრობამ 4 ივლისს გაავრცელა.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს 4 ივლისს უმაღლესი განათლების რეფორმის სამთავრობო კომისიის სხდომაზე, რომელიც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
„უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციასთან დაკავშირებით კომისიის წევრებმა დღევანდელ სხდომაზე პოზიციები საბოლოოდ შეაჯერეს. დოკუმენტი შემდგომი სრულყოფის მიზნით, დარგის სპეციალისტებთან, უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებთან და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განიხილება, რის შემდეგაც საბოლოო დოკუმენტი ფართო საზოგადოებას წარედგინება”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციის მიხედვით, უმაღლესი განათლების რეფორმირების კონცეფციაზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათივე ცნობით, კონცეფცია მოიცავს იმ საკითხებს, „რაც შემდეგი რამდენიმე წლის განმავლობაში მოაგვარებს გამოწვევებს, რომლის წინაშეც უმაღლესი განათლების სისტემა დგას.“