„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრები თსუ-ის რექტორს შეხვდნენ

პუბლიკა

„მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წარმომადგენლები დღეს თსუ-ის რექტორს ჯაბა სამუშიას შეხვდნენ.

მანამდე მოძრაობის წევრებმა თსუ-ის პირველ კორპუსთან აქცია გამართეს.

სტუდენტები საჯარო განცხადებას მოითხოვდნენ ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლასთან დაკავშირებით.

რექტორთან შეხვედრის შემდგომ მოძრაობის წარმომადგენელმა, საბა ბულესკირიამ განაცხადა, რომ რექტორს თავიანთი მოთხოვნები გააცნეს და მისგანაც პირობა მიიღეს, რომ უნივერსიტეტი საჯაროდ გამოხატავს პოზიციას მომხდართან დაკავშირებით. ახლა სტუდენტები რექტორის მხრიდან ქმედით ნაბიჯებს ელოდებიან.

„სტუდენტებისთვის მიუღებელია აკადემიურ სივრცეში, უნივერსიტეტის გვერდის ავლით, სამართალდამცავების თვითნებური ქმედებები. სწორედ ამგვარი ქმედება იყო ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლა უნივერსიტეტისა და სტუდენტების ინფორმირების გარეშე. სწორედ ამ გარემოებებმა გამოიწვია სტუდენტების სამართლიანი მღელვარება, რასაც წინ უძღოდა თბილისში 7-9 მარტის მასშტაბური საპროტესტო აქციები…

სტუდენტურ საცხოვრებელში სტუდენტები თავს დაცულად უნდა გრძნობდნენ! სტუდენტური საცხოვრებელი არ უნდა იქცეს კონტროლის გამარტივებულ მექანიზმად, რომლის საშუალებით სამართალდამცავი ორგანოები:  მოახდენენ უფლებრივ სეგრეგაციას კერძო ბინებსა და საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ სტუდენტებს შორის; ამგვარი სეგრეგაციის პრინციპით გააკონტროლებენ საერთო საცხოვრებელში მყოფ სტუდენტებს“, – აცხადებენ სტუდენტები.

შეხვედრის შესახებ მოგვიანებით გავრცელდა თსუ-ის რექტორის, ჯაბა სამუშიას პოზიციაც. მისი თქმით, სამომავლოდ სტუდქალაქის აღწერის დროს აუცილებელია, შსს-სა და უნივერსიტეტს შორის კომუნიკაცია შედგეს.

„როცა სტუდენტებს საქმე ეხება, უნივერსიტეტის შესაბამისი უწყების წარმომადგენლები მათ თან უნდა ახლდეთ. მთლიანობაში ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თსუ-ს სტუდენტური საცხოვრისი მაქსიმალურად დაცული იყოს. სტუდენტებთან შეხვედრის დროს გამოიკვეთა, რომ არანაირი ფორმით გადაცდენა ამ პროცედურისას არ მომხდარა. ჩვენ შევთანხმდით, რომ სამომავლოდ გარკვეული პროცედურის ნაწილი დაიხვეწება, რომ ეს ყველაფერი მომავალში გარკვეული ჩარჩოებით მოხდეს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში განათლების და მეცნიერების მინისტრს ჩავაყენებ, რომელიც საუნივერსიტეტო ცხოვრების კარგი მცოდნეა. ასევე, ჩვენი სურვილია, რომ შევხდეთ შს მინისტრს, რომ სამომავლოდ პროცედურა დაიხვეწოს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს პროცედურა არის მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ ეს ობიექტები განსაკუთრებული დაცვის ქვეშ არის“, – განაცხადა სამუშიამ.


21 მარტს თსუ-ის ადმინისტრაციამ  „მაისის სტუდენტურ მოძრაობას“ ოფიციალური განცხადებით უპასუხა და განმარტა, რომ საერთო საცხოვრებელში ვაკის რაიონის მართლწესრიგის ოფიცრები იყვნენ შესულები, მოსახლეთა ყოველწლიური გეგმური აღწერის გამო.

„ბოლო დღეებში, ზოგიერთი მედიასაშუალების მხრიდან გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს აღნიშნული გეგმური შემოწმება სტუდენტების წინააღმდეგ მიმართული ქმედებაა და მიზნად ისახავს ახალგაზრდების დაშინებას, სიმართლეს არ შეესაბამება და მხოლოდ სტუდენტებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული სტუდენტის უსაფრთხოებაზე ზრუნვა, განსაკუთრებით საუნივერსიტეტო და საერთო საცხოვრებლის სივრცეებში. ამ მიზნით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თანამშრომლობს შესაბამის უწყებებთან.

მოგახსენებთ, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ადმინისტრირებას უწევს სტუდქალაქის ბაგების საერთო საცხოვრებელს. აღნიშნული საერთო საცხოვრებლით ძირითადად სარგებლობენ თსუ-ს სტუდენტები და ნაწილობრივ თსუ-ს თანამშრომლები“, – ნათქვამია განცხადებაში.