მაისურზე „მონა ვალერის“ წარწერის გამო, დარბაზში არ შემიშვეს – აქტივისტი

პუბლიკა

12 დეკემბერს პარლამენტის წინ დაკავებულ პირთა სასამართლო პროცესზე მოწმის სახით დაბარებული აქტივისტი, მარი ყანჩაველი, მისივე თქმით, მანდატურმა სასამართლო პროცესზე არ შეუშვა. ყანჩაველი ამბობს, რომ, მიზეზი, სავარაუდოდ, მის მაისურზე არსებული წარწერაა.

„მაისურზე მაწერია მონა ვალერი. მანდატურმა როცა დამინახა, დამხედა, შემდეგ მითხრა, რომ გაარკვევდა, შემეძლო თუ არა ამ მაისურით სხდომაზე შესვლა, დაბრუნდა და მითხრა, რომ არ შემიშვებდა. მეტი არაფერი უთქვამს ჩემთვის. დერეფანში ლენტაა წითელი და იმის იქით არ მიშვებენ. ჩემი მეგობრის, ირაკლი ჯუღელის პროცესზე ვარ მოწმის სახით დაბარებული“. – ამბობს მარი ყანჩაველი „პუბლიკასთან“ საუბრისას.  მისივე თქმით, მან რამდენჯერმე უთხრა მანდატურს, რომ მოწმის სახით იყო დაბარებული და დარბაზში უნდა შესულიყო, თუმცა მანდატურმა უარი უთხრა და განუმარტა, რომ ვერ შეუშვებდა დარბაზში.

სასამართლოში 12 დეკემბერს პარლამენტთან უზენაეს სასამართლოში უვადო მოსამართლეთა არჩევის დღეს დაკავებული აქტივისტების სასამართლო პროცესი იმართება. 12 დეკემბერს 16 ადამიანი დააკავეს, მათ შორის „ლელოს“ კიდევ ერთი წევრი გიორგი ბუნტური და აქტივისტი ირაკლი ჯუღელი.

პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

დაკავებულთაგან 12-ის საქმე მოსამართლე ვალერიან ფილიშვილს დაეწერა. ამავე მოსამართლემ განიხილა ნოემბერში აქციის დაშლისას დაკავებულ პირთა საქმეები.