„ქართული ოცნების” საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს გენერალურ მდივან ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ „საჭიროდ მიაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება”.
გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი 2009 წელს შეიქმნა და 2012 წლამდე მუშაობდა. შემდეგ მუშაობა შეწყვიტა. მექანიზმი 2016 წელს განახლდა, 2018 წლამდე. ბოლო, 57-ე შეხვედრა 2018 წლის მაისში გაიმართა და აღარ განახლებულა მას შემდეგ, რაც რუსეთისა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა შეხვედრა საქართველოს წარმომადგენლებთან უთანხმოების გამო დატოვეს.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და მიმოვიხილეთ საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები.
საქართველოს ორი რეგიონი: აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი კვლავ არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ და რუსეთის მხრიდან კვლავაც ირღვევა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, თავად გაემგზავროთ საოკუპაციო ხაზთან, საკუთარი თვალით იხილოთ ქვეყნის შუაგულში გავლებული მავთულხლართები და გაეცნოთ ოკუპაციის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს.
საქართველოს საკითხზე მსჯელობა ეუთო-ს ფარგლებში უნდა გაგრძელდეს და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად. ჩვენ ვაფასებთ ეუთო-ს ჩართულობას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ასევე, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ეფექტიან ფუნქციონირებას. შესაბამისად, საჭიროდ მიგვაჩნია გალის მექანიზმის უპირობო განახლება.
ასევე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო მექანიზმებზე წვდომის უზრუნველყოფა. საქართველოს სურს რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკის სიმტკიცეს”. – თქვა მაკა ბოჭორიშვილმა.
მანვე ხაზი გაუსვა, რომ „საქართველოს გულწრფელი სურვილი აქვს, ხელი შეუწყოს მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში”.
თავის მხრივ, ფერიდუნ სინირლიოღლუმ თქვა, რომ ეუთო უწყვეტად ცდილობს, ჩაერთოს კონფლიქტის რეგულირების საქმეში.
„ინციდენტების პრევენციის მექანიზმი, ფაქტობრივად, უკვე სამოცი წლისაა. ეს გახლავთ ორგანიზაცია, რომელმაც არაერთგზის დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დიალოგის წარმოება, განსაკუთრებით იმ რეგიონებსა და ქვეყნებს შორის, რომლებიც კონფლიქტში იმყოფებიან. ჩვენ გაგვაჩნია მედიაციის „მრავალპლანოვანი“ საშუალებები, რომლებსაც ასეთ შემთხვევებში ვიყენებთ. ჩვენ უწყვეტად ვცდილობთ, რომ ჩავერთოთ კონფლიქტების რეგულირების საქმეში. სტაბილურობა საქართველოში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც მისი ხალხის, ისე მთლიანად რეგიონის ინტერესებისთვის, მასში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დამყარებისთვის.
ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვმუშაობთ საქართველოსთან ერთად ათეული წლების განმავლობაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, ჩვენ გვინდა საქართველოს დავუმტკიცოთ, რომ ჩვენ მოწოდებულები ვართ, ჩავერთოთ საქართველოში უსაფრთხოების განმტკიცებაში ყველანაირი თვალსაზრისით და ყველა იმ საშუალებით, რომელიც ჩვენს ორგანიზაციას აქვს“. – განაცხადა ფერიდუნ სინირლიოღლუმ.