მაკალისტერი: გთხოვთ, გაათავისუფლეთ სააკაშვილი და მიეცით საშუალება, გაიაროს შესაბამისი მკურნალობა

პუბლიკა

გუშინ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე დებატების დროს განაცხადა, რომ საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები.

მაკალისტერმა ასევე მოუწოდა მთავრობას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი. „გამოუშვით ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“. – განაცხადა მაკალისეტრმა.

„სამწუხაროდ, დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია აფერხებს ქვეყნის განვითარებას. მინდა, ხუთი შენიშვნა გავაკეთო. პირველი – პოლიტიკურმა მხარეებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის აგრესიული რიტორიკისგან და გააერთიანონ ძალები, რათა გაზარდონ ნდობა პოლიტიკურ და ინსტიტუციურ აქტორებს შორის. მეორე – უნდა აღმოიფხვრას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კერძო ინტერესის გადაჭარბებული გავლენა.

მესამე – საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს მედიის თავისუფლება, ეს გულისხმობს სარედაქციო დამოუკიდებლობას, გამჭვირვალე მედიამფლობელობას და პოლიტიკური შეხედულებების პლურალისტურ, მიუკერძოებელ და არადისკრიმინაციულ გაშუქებას.

მეოთხე – საქართველოში პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა შეწყვიტონ ევროპარლამენტარებისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლების წინააღმდეგ აგრესიული ვერბალური თავდასხმები და ბოლოს, მე, როგორც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გთხოვთ, გაათავისუფლეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და მიეცით მას საშუალება, გაიაროს შესაბამისი სამედიცინო მკურნალობა“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა.