მაკფოლი: ბაიდენმა და სხვა ლიდერებმა ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ სააკაშვილის შეწყალებისკენ

პუბლიკა

აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, სტენფორდის უნივერსიტეტის პროფესორი მაიკლ მაკფოლი გამოცემა The Washington Post-ში საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშრებით საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს სახელწოდებით – „მსოფლიომ არ უნდა დაუშვას საქართველოს ექსპრეზიდენტის ციხეში სიკვდილი”.

მაიკლ მაკფოლი მიიჩნევს, რომ მსოფლიოს დემოკრატი ლიდერები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფების მოწოდებით უნდა გამოვიდნენ. ის წერილში აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ციხეში სიკვდილი პუტინის გამარჯვება იქნება და დარტყმა ქართული დემოკრატიისთვის.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა, ევროპის დემოკრატ ლიდერებთან ერთად მჭიდრო კოორდინაციით, სასწრაფოდ უნდა წამოაყენოს სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნა.

ბაიდენმა და სხვებმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მოუწოდონ, რომ სააკაშვილი ჰუმანიტარულ საფუძველზე შეიწყალოს და საზღვარგარეთ მდებარე სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობის ნება დართონ. ეს არის ზომა, რომელიც უკვე მოითხოვა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ და მან სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრადაც გამოაცხადა.

სააკაშვილის ციხეში სიკვდილი იქნება პუტინის გამარჯვება და ქართული დემოკრატიისთვის ძლიერი დარტყმა. ეს ზელენსკიზე უკეთ არავის ესმის, რომელმაც გასულ თვეში საქართველოს ხელისუფლებას სთხოვა „გულმოწყალება გამოიჩინონ“ და ექსპრეზიდენტი გაათავისუფლონ.

თავისუფალი სამყარო ერთად დადგა უკრაინაში დემოკრატიის დასაცავად. იგივე უნდა გააკეთდეს საქართველოშიც , სააკაშვილის გათავისუფლების  საკითხზე ზეწოლით, “- ნათქვამია მაკფოლის წერილში.

მაიკლ მაკფოლი ასევე არის უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ რუსეთისთვის სანქციების საკითხზე შექმნილი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის კოორდინატორი.