29 ოქტომბრის საღამოს დაღესტანში, მაჰაჩკალის აეროპორტში რამდენიმე ასეული ანტისემიტი ადგილობრივი შეცვივდა. ისინი თელ-ავივიდან ებრაელების ჩამოსვლას აპროტესტებდნენ. იყვნენ აგრესიულები და ჰქონდათ ანტისემიტური შეძახილები. ითხოვნენ ებრაელების გასვლას რეგიონიდან.
მაჰაჩკალის აეროპორტი 31 ოქტომბრამდე დაიკეტა.
თვითმფრინავში, რომელიც გუშინ თელ-ავივიდან ჩამოფრინდა, 50-მდე მგზავრი იყო, მათ შორის, ისრაელის 4 მოქალაქე.
ისრაელის ხელისუფლებამ გამოთქვა იმედი, რომ რუსეთის სამართალდამცავი ორგანოები უზრუნველყოფენ ისრაელის მოქალაქეების და ებრაელების დაცვას და „მოქმედებენ პოგრომისტებისა და ველური წაქეზების წინააღმდეგ“.
მახაჩკალის აეროპორტში თვითმფრინავის დაშვებიდან 3 საათში დაღესტნის მთავარმა საგამოძიებო დეპარტამენტმა მასობრივი არეულობის მუხლით სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. პოლიციამ დარბევაში მონაწილე 150 ადამიანი გამოავლინა, მათგან 60 დაკავებულია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ბასტრიკინის თქმით, ის „გამოძიების მიმდინარეობას პირად კონტროლზე აიყვანს”.
დაღესტნელი ანტისემიტების ქმედებების შედეგად დაშავებულია 20-ზე მეტი ადამიანი, მათგან 10 – ჰოსპიტალიზებულია. 2-ის მდგომარეობა მძიმეა. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დაშავდა 9 პოლიციელი, მათგან 2 – საავადმყოფოშია.
თელ-ავივიდან მაჰაჩკალაში რეისი რუსულმა ავიაკომპანია Red Wings-მა შეასრულა. ისრაელიდან ჩასული მგზავრების წინააღმდეგ აქციისკენ მოწოდებები 29 ოქტომბრის დილიდან ვრცელდებოდა.
რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ინციდენტზე კომენტარს რამდენიმე საათის განმავლობაში არ აკეთებდნენ. 30 ოქტომბრის დილას დაღესტნის ხელმძღვანელმა, სერგეი მელიკოვმა განაცხადა, რომ რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას „რუსეთის მტრები” ცდილობდნენ და რომ ანტისემიტები „უკრაინის ტერიტორიიდან იმართებოდნენ – მოღალატეების და ბანდიტების მიერ”.
შაბათ-კვირას ანტისემიტური საპროტესტო გამოსვლები ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქალაქებშიც გაიმართა. 28 ოქტომბერს ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერქესკში მოქალაქეებმა ისრაელის მცხოვრებლების რესპუბლიკაში არშეშვება მოითხოვეს. აქციაზე დააკავეს 30-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 29 ოქტომბრის ღამეს დაღესტნის ქალაქ დერბენტის მცხოვრებლებმა გააპროტესტეს ისრაელელი ლტოლვილების ფიქციური რეგისტრაცია ადგილობრივ სასტუმროებში.
ყაბარდო-ბალკანეთში, ქალაქ ნალჩიკში ადგილობრივებმა დაწვეს ბორბლები იქ, სადაც ებრაული კულტურის ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. კედელზე გააკეთეს წარწერა – სიკვდილი ებრაელებს.
29 ოქტომბერს მაჰაჩყალის აეროპორტში თელ-ავივიდან ჩამოსულ რეისს ასობით ანტისემიტურად განწყობილი ადამიანი დახვდა. ისინი აეროპორტში შეიჭრნენ და ებრაელებს ეძებდნენ – შედიოდნენ ყველა შენობაში. გავიდნენ ასაფრენ ბილიკზეც.