მახაშვილი: დიალოგის მაგიდას გაურბიან. საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ

პუბლიკა

„ქართული ოცნების“ წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან ადამიანის უფლებათა დიალოგის გაუქმებას ეხმაურება.

ევროკავშირისა და საქართველოს შორის ადამიანის უფლებებზე ყოველწლიური დიალოგის შეხვედრა, რომელიც 21 ნოემბერს ბრიუსელში უნდა ჩატარებულიყო, გაუქმდა. ინფორმაცია თავდაპირველად 18 ნოემბერს ონლაინგამოცემა „რეალპოლიტიკამ“ გაავრცელა.

მიზეზად, „რეალპოლიტიკის“ ცნობით, გაუქმების ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა ხელისუფლების მიერ დელეგაციის შემადგენლობაში სანქცირებული პირების ჩასმის მცდელობა.

მოგვიანებით ტელემედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული პირი, რომლის შეყვანასაც დელეგაციაში ცდილობდნენ, „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეა. ის დიდი ბრიტანეთის, ლატვიისა და ჩეხეთის მიერ არის სანქცირებული.

არც დარახველიძეს და არც მახაშვილს არ უარუყვიათ მედიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

„ინტერპრესნიუსის“ ცნობით, მახაშვილმა თქვა:

„ეს დელეგაცია არ მიდიოდა ესტონეთში და ლიეტუვაში. ეს დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი [გამოეყოთ], სადაც ამ დელეგაციას მიიღებდნენ. ეს არის ჩვეულებრივი საბაბი, რომ გაექცნენ დიალოგს“, – თქვა ლევან მახაშვილმა.

მისივე თქმით, ამ შეხვედრისთვის ქართული მხარე 6 თვის განმავლობაში ემზადებოდა.

მახაშვილი ამბობს, რომ მზად არის, დიალოგი საქართველოში ნებისმიერ დროს გამართონ.

„საუბარია წევრი სახელმწიფოების დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებზე, რომ თავად საკუთარ ტერიტორიაზე ვინმეს გადაადგილება შეუზღუდონ. მაშინ, როცა ვხედავთ, ევროკავშირის ზოგიერთი დედაქალაქი როგორი დიდი ზარ-ზეიმით უგებს წითელ ხალიჩას კაციჭამიებსა და ტერორისტებს, ამის ფონზე ღიმილის მომგვრელია ბრიუსელის ასეთი განმარტება. რასაც ვხედავთ, არის საბავშვო ბაღი – საქართველო ვერ იქნება საბავშვო ბაღის აღმზრდელი, როცა მათი მხრიდან ასეთ საბავშვო ქმედებებს ვხედავთ.

თუ მართლა არის დიალოგის მოლოდინი, ჩვენ მზად ვართ 21 ნოემბერს კი არა, 1 დეკემბერს, ბრიუსელში კი არა, საქართველოში ნებისმიერი ადგილი, დრო და საათი დაასახელონ – ნებისმიერ ადგილზე ჩავალთ. თუ არ შეუძლიათ ზოგიერთი წარმომადგენელი თავიანთ ქვეყანაში მიიღონ, სადაც მიიღებენ იქ ჩავალთ, თუ იქ არ უნდათ, აქ ჩამოვიდნენ.

ჩვენ ყოველთვის მზად ვიყავით ამ დიალოგისთვის – დაახლოებით 6 თვე ამ შეხვედრისთვის ვემზადებოდით. ორი დღით ადრე ამ მაგიდის აყირავება არის პირდაპირი გზავნილი ბრიუსელისგან, რომ დღეს ისინი დიალოგისთვის მზად არიან“, – თქვა ლევან მახაშვილმა.