მახაშვილი MEGOBARI-ზე: იმედი გვაქვს, ტრამპი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას

პუბლიკა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ „MEGOBARI აქტი“ მიიღო – კანონპროექტს მხარი 349 კონგრესმენმა დაუჭირა.

„ქართული ოცნების” წევრები ამ დოკუმენტს „მტრულს” და „სამარცხვინოს” უწოდებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მას ხელს არ მოაწერს.

კონგრესის და სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში, დონალდ ტრამპმა ხელიც რომ არ მოაწეროს, კანონპროექტი 10 დღის ვადაში მაინც შედის ძალაში.

თუმცა, „ოცნების” წევრები ამაზე არაფერს ამბობენ და აპელირებენ პრეზიდენტის მიერ ხელმოწერაზე.

აშშ-ის კანონმდებლობითვე, თუ პრეზიდენტი კანონპროექტს ვეტოს დაადებს, საჭირო ხდება კონგრესისა და სენატის მიერ ხელახალი კენჭისყრა და თითოეულ პალატაში წევრების 2/3-ის მხარდაჭერა.

ლევან მახაშვილმა MEGOBARI ACT-ს, რომელიც კანონია და გარკვეულ ვალდებულებებს ითვალისწინებს, რეზოლუცია უწოდა, რაც თავის თავში ვალდებულებას არ გულისმობს.

„ის ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს და საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის ხედვას საქართველოსა და რეგიონთან დაკავშირებით.

თეორიულად, თუ ის შევა ძალაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად დააზიანებს ორმხრივ ურთიერთობებს და სწორედ ესეც არის გათვლა აი იმ არაფორმალური ძალების და გავლენების, რომლებმაც ასე ინერციით მაინც გაიტანეს ქვედა პალატაში.

იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს არ მოაწერს ამ პროვოკაციულ რეზოლუციას და ამით შეძლებს თავისი დანაპირების შესრულებას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში დაამარცხოს ე.წ. დიფ სთეითი“. – ამბობს „ოცნების” წევრი, ლევან მახაშვილი.

გიორგი ჩაკვეტაძემ თქვა:

„ის აქტი, რომელიც ჩვენი დროით გამთენიისას დაამტკიცა წარმომადგენელთა პალატამ, არის სამარცხვინო აქტი. ის განხილვები, რაც არის, ძალიან საინტერესოა და ჩვენ დაველოდებით, სენატში რა გადაწყვეტილებები იქნება. პრეზიდენტის გადასაწყვეტია”.

MEGOBARI ACT ითვალისწინებს:

  • ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიციირებას, დახმარების პროგრამების ჩათვლით;
  • ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარებას;
  • პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრებას, რომ დააწესოს სანქციები „ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულია სხვა სახის კორუფციულ საქმიანობებში, რაც საქართველოს სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს;
  • ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებას, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას;
  • რუსეთის მიმდინარე და უკანონო ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას;