„მახსოვს ალმოდებული დედა, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო“ - 15 წლის უკრაინელი ბიჭის ისტორია

პუბლიკა

15 წლის ანდრიი უკრაინის ქალაქ ჩერნიჰივში ცხოვრობდა და იძულებული გახდა საკუთარი სახლიდან დედასთან ერთად გაქცეულიყო. როგორც ის CNN-თან ჰყვება, გამოქცევისას, სავარაუდოდ, მანქანით დანაღმულ მიწაზე გაიარეს.

„მახსოვს ყვითელი აფეთქება. ხმა ყურებში. მახსოვს, თითქოს გზაში გამოვიღვიძე. მახსოვს დალეწილი მანქანა. დავინახე ალმოდებული დედა. ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როცა ცეცხლი ეკიდა. გზისკენ ხოხვა დავიწყე. მერე სროლის ხმა გავიგონე, არა იარაღის, არამედ რაკეტების თუ რაღაც მსგავსის. მერე კიბეების ქვეშ დავიმალე“, – უთხრა CNN-ს მოზარდმა, რომელიც ახლა ლვივის ბავშვთა ჰოსპიტალში მკურნალობს.

როგორც ის იხსენებს, ყვიროდა და სიარული არ შეეძლო. სოფლის მცხოვრებლებმა, რომლებმაც აფეთქების ხმა გაიგონეს, სამშვიდობოს გამოიყვანეს. როგორც CNN წერს, დედა ცოცხლად დაიწვა.

დედაზე საუბრისას ანდრიი ატირდა და თქვა, რომ ეს ოჯახისთვის ძალიან მძიმეა. ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რა სურს, რომ მსოფლიომ იცოდეს დაღუპული დედის შესახებ:

„მინდა იცოდეთ, რომ დედაჩემი ძალიან ლამაზი ქალი იყო“, – უთხრა მან თარჯიმანს.

ჩერნიჰივი რუსეთის დაბომბვებით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული ქალაქია ჩრდილოეთ უკრაინაში. ზოგიერთ დაბომბილ შენობას ცეცხლი ამ დრომდე უკიდია.

„ძალიან ძნელია იმის ნახვა, თუ რა ხდება ჩემს ქალაქში“, – ამბობს მოზარდი და დასძენს, რომ ომის დასრულების შემდეგ უკან დაბრუნდება.