მახსოვს როგორ უმკლავდებოდნენ ხანძარს, დღეს ცა და დედამიწასავით განსხვავდება რეალობა - დავითაშვილი

პუბლიკა

საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი აცხადებს, რომ ბორჯომის ხეობაში ხანძრის ქრობასთან დაკავშირებით ბევრი სპეკულაცია გაჟღერდა, თუმცა დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურის მომზადების ხარისხი წინა წლებთან შედარებით „ცასა და დედამიწასავით განსხვავდება“.

„სპეკულაცია იყო ბევრი ამ თემასთან დაკავშირებით, რომ სად არის სახელმწიფო, რა გვაქვს, ვართ თუ არა მომზადებული. მე მახსოვს 2017 წლის ხანძრის ქრობის პროცესშიც ვიყავი უშუალოდ ჩართული…იმ პერიოდში, მინდა გითხრათ, მართლაც, ქვეყანას ძალიან ბევრი გამოწვევა ჰქონდა ეკიპირების, წვრთნის, მომზადების მიმართულებით.

იმ ხანძარმა ბევრი რამ შეცვალა სამაშველო სამსახურებში. მე, როგირც მთავრობის წევრმა და ადამიანმა, რომელმაც მონაწილეობა მივიღე და მახსოვს, წლების განმავლობაში სხვადასხვა ხანძარში როგორ ხდებოდა გამკლავება, დღეს ცა და დედამიწასავით განსხვავდება რეალობა.

მომზადების კუთხით, ეკიპირების კუთხით, ტექნიკური აღჭურვის კუთხით, მათ შორის, ვერტმფრენების კუთხით. სავერტმფრენო პარკი გარემონტდა შარშან და შარშანწინ იმისთვის, რომ ადეკვატურად შეასრულონ ის ამოცანები, რაც დღეს მათ წინაშე დგას.

თუმცა ჩვენ კლიმატის ცვლილებასთან ერთად თადარიგს ვიჭერთ, რომ ვიყოთ მზად“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი მტკიცებით, ქვეყანა იწყებს მზადებას უფრო მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფებისთვის, იმ შემთხვევაში, თუ ასეთი მოხდება.

დავითაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში ხანძარი უკვე კონტროლს ექვემდებარება.