მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და Freedom House აშშ-ს და EU-ს რუსულ კანონზე მიმართავენ

პუბლიკა

მაკკეინის ინსტიტუტი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და Freedom House მოუწოდებენ შეერთებულ შტატებსა და ევროპელ მოკავშირეებს, დაუწესონ შეზღუდვები და სანქციები „ქართული ოცნების“ ოფიციალურ პირებს, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და მათ ოჯახებს.

სამმა ორგანიზაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

„მოვუწოდებთ შეერთებულ შტატებსა და მის ევროპელ მოკავშირეებს, დაუყოვნებლივ დააწესონ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან  საქართველოს დემოკრატიული განვითარების და ევროატლანტიკურ მისწრაფებების ძირის გამოთხრაზე, მათ შორის „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახებს. შეერთებული შტატები ქართველ ხალხთან ერთად უნდა დადგეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ავტოკრატიული ქმედებების წინააღმდეგ.

დემოკრატიაზე ხელისუფლების თავდასხმის უახლესი მაგალითი 14 მაისს იყო, როდესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო დრაკონული კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, რომელიც აიძულებს ქართულ ორგანიზაციებს, რომლებიც იღებენ თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს საზღვარგარეთიდან, დაასახელონ თავი, როგორც „ორგანიზაციები, რომლებიც ემსახურებიან უცხო ქვეყნის ინტერესებს“.

კანონი ახშობს სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ხელისუფლების პოტენციური კრიტიკოსებს ზედმეტად მძიმე რეგულაციების წინაშე აყენებს და აწესებს დამღუპველ ჯარიმებს ორგანიზაციებსა და კერძო პირებზე.

ეს კანონმდებლობა, რომელიც ირეკლავს კრემლის კანონს, რომელიც შექმნილია რუსეთში განსხვავებული აზრისა და ოპოზიციის აღსაკვეთად, დამანგრეველ გავლენას მოახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და დემოკრატიაზე საქართველოში.

ასობით ათასი ქართველი კვირების განმავლობაში გამოდიოდა ქუჩებში და მშვიდობიანად აპროტესტებდა ამ ავტორიტარულად ძალაუფლების ხელში ჩაგდებას.

ქართველი ხალხი მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტი არის საფრთხე მათი უფლებებისა და თავისუფლებისთვის და ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპა და დემოკრატიაა და არა რუსეთი და რეპრესიები.

საქართველოს მთავრობამ მათ უპასუხა ძალადობრივი დარბევით, პოლიცია და სხვა სამართალდამცველები სასტიკად დაესხნენ თავს და დააზიანეს მშვიდობიანი მომიტინგეები.

ამ კანონის მიღება წარმოადგენს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს „ქართული ოცნების“ მცდელობაში, შეარყიოს დემოკრატია და თავისუფლება საქართველოში.

2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში შეჭრის შემდეგ, სენატორმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ „ჩვენ ყველანი ქართველები ვართ“. დღეს ჩვენი ორგანიზაციები აგრძელებენ დგომას საქართველოს ხალხისა და მათი მოთხოვნების გვერდით, თავისუფალი, დემოკრატიული მომავლის შესახებ“, – ნათქვამია განცხადებაში.