მაკო გომური: გუშინდელ სხდომაზე ორი დამნაშავე მხარე ერთმანეთს აწმენდდა ორივეს დანაშაულს

პუბლიკა

2019 წლის 20 ივნისის დაზარალებული მაკო გომური „ფორმულას“ ეთერში წულუკიანის საგამოძიებო კომისიაზე გიორგი გახარიას გამოკითხვას გამოეხმაურა.

„ვუყურე მთელი დღის განმავლობაში. სიმართლე გითხრათ, არც ერთი მომენტი არ ყოფილა, რომ ოდნავ ავღელდი ან რაღაც ნერვებმა შემაწუხა. აბსოლუტური ცირკი იყო ჩემთვის, რაღაც სანახაობა, რომელიც დაგვიდგეს „ოცნებამ“ და გახარიას პარტიამ.

ახალი საერთოდ არაფერი იყო ნათქვამი. ეს არის ქალი, რომელმაც 6 წლის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრა დაზარალებულების სახელები და დარწმუნებული ვარ, ჩემ გარდა ერთი დაზარალებულის სახელიც არ იცის და არ იცის, დანარჩენებს რა სჭირთ და ვინ რა დაზიანება მიიღო.

სიმართლე გითხრათ, არ ვანიჭებ ამას დიდ მნიშვნელობას. ეს იყო ორივე მხარის დანაშაული, რომლებიც ცდილობდნენ, რომ ერთმანეთისთვის გადაებრალებინათ და ერთმანეთზე შეეწმინდათ ეს სისხლიანი ღამე.

მაშინ ვხდებოდი 19 წლის, ახლა ვხდები 25 წლის. 6 წელია გასული… რამდენი დროა გასული და მუდმივად ვართ ამ დაპირისპირებაში, რომ ადამიანები ცდილობენ, ერთმანეთის დანაშაული გადააბრალონ სხვას. ერთადერთი კარგი, რატომაც ეს სხდომა ჩატარდა, რომ „ქართული ოცნების“ წევრებმა იცოდნენ, მაშინ გახარია ხომ ყავდათ საუკეთესო პრემიერი და საუკეთესო კრიზისმენეჯერი და შს მინისტრი, ამ ადამიანს ასამართლებდნენ და ყველა ადამიანს მოუწევს ამის გავლა და დარწმუნებული ვარ, მოუწევთ სამართლიან გარემოში და სასამართლოში.

თუნდაც ჩემი ბრძოლა, რომელიც 6 წლის წინ დავიწყე და დღემდე აქ ვარ, ამ ბრძოლაში ვარ და კიდევ ალბათ მომიწევს დიდხანს ყოფნა, ამ სასამართლოს პირობებში, მაგრამ ვთქვათ იქ სტრასბურგია, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი მიჭერს მხარს და ვიცი, რომ ჩემი წილი ბრძოლა არ უნდა გავაჩერო. ვიცი, რომ სადღაც სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, და აღგება ნებისმიერი ადამიანისთვის იქნება ეს გახარია, იქნება შემდეგ გომელაური, იქნება წულუკიანი, ივანიშვილი თუ ვინც უნდა იყოს. და არამარტო პარტიის წევრები, ვინც ადამიანებს ცუდ მდგომარეობაში აყენებს.

ჩვენ ხო არ ვსაუბრობთ მარტო იმაზე, რომ მარტო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან ცუდები, ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც მეორე ადამიანს ავნებს, ვინც სუსტს ჩაგრავს, ყველა ადამიანი დაისჯება, შეიძლება, კანონის ფარგლებში არა, მაგრამ მგონია, რომ სამართალი სადღაც იზეიმებს.

„6 წლის განმავლობაში წულუკიანს რომ ახლა ასტკივდა ვითომ მაკო გომურის თვალი, ხომ ყველამ ვიცით, რომ ესაა სრული სისულელე. გახარია გადადგა 2021 წლის 18 თებერვალს. 2021 წლის დეკემბერში მე შევიტანე პირველად სარჩელი სასამართლოში, განხილვა გრძელდებოდა 4 წელი. წელს მოხდა ისე, რომ დასრულდა ჩემი სასამართლო პროცესი. ეს ხომ არავის ბრალია, გარდა სასამართლო სისტემის, რომელიც ჩაგრავს ადამიანებს… რამდენი პოლიტპატიმარი, რამდენი რეჟიმის ტყვე გვყავს დღეს. ეს ხომ არ არის არავის ბრალი, გარდა ამ პარტიის და იმ ადამიანების, ვინც პარტიაში არიან და გასცემენ სასამართლოებზე ბრძანებას, რომ ეს ადამიანები იყვნენ გისოსებს მიღმა. ჩემთვის იმდენად მტკივნეულია, როცა ვფიქრობ, მეც მათხელა ვიყავი დაახლოებით, როცა ეს დამემართა და რომ ვფიქრობ, მათ მშობლებს რამხელა ტკივილის გავლა უწევთ ახლა.

მე გარეთ ვარ, გარეთ ვიყავი, გისოსებს მიღმა არ ვყოფილვარ და თუ, ვთქვათ, ყვირილი მინდოდა, შემეძლო, გავსულიყავი პარლამენტთან, თუ თქმა მინდოდა, მოვსულიყავი ეთერებში და ამ ადამიანებს ეს არ შეუძლიათ. მათი ერთადერთი ბერკეტი, რომ ჩვენ რაღაც გვითხრან, წერილებია.

ჩემს სასამართლოს 4 წელი წელავდნენ. აბა, მოდი, დღეს მე რამე ისეთი განცხადება გავაკეთო, რაზეც მეტყვიან, რომ რევოლუციისკენ მოვუწოდებ ხალხს და დღეები დასჭირდებათ, რომ გამასამართლონ და ჩამსვან ციხეში. 4 წელი დასჭირდა იმას, რომ შსს-ს პასუხისმგებლობა კი არა… აღიარა მან [გახარიამ], რომ დამნაშავე იყო და დაზარალებულად მცნო, მაგრამ მაინც სამივე ინსტანციაში გამისაჩივრა გადაწყვეტილება.  აქაც ხომ ვერავის შეაწმენდენ ხელს? გუშინდელი სხდომაც ეს იყო, რომ ორი დამნაშავე ერთმანეთს აწმენდდა დანაშაულს. არც ერთს არ აინტერესებდა 20 ივნისის დაზარალებულები და ერთს დავამატებ, წულუკიანმა რომ თქვა, თქვენ თუ არ იცოდით, როგორ გემართათ, გომელაურისთვის მიგემართათო, გომელაურს ამ წლების განმავლობაში ერთი თვალებამოთხრილი ადამიანი არ ყავსო… ვერც გაბრაზდები იმიტომ, რომ ადამიანი, რომელიც ანწუხელიძეზე იძახის, რომ რომ ვიღაცის პიარსაა შეწირული, წულუკიანის წიხლი საწყენი არაა ნამდვილად“, – თქვა მაკო გომურმა.

მან მხარდაჭერა გამოუცხადა აქციების გამო დაკავებულებს.

„როგორც გითხარით, 6 წელია გასული და იმდენად რთული აღარაა პირადად ჩემთვის 20 ივნისის დღე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვან დღედ დარჩება, მაგრამ მგონია, რომ უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებისკენ უნდა გვეჭიროს თვალი და გეზი უნდა გვქონდეს სხვა რაღაცებისკენ მიმართული, თუნდაც პროტესტი და ეს რაღაცები რაც ხდება დღეს, უფრო მნიშვნელოვანი გახდეს.

არავის არ დასწყდეს გული იმის გამო, რომ შეიძლება იმდენი ადამიანი აღარ გამოდის დღეს პროტესტზე, რაც დეკემბრის დასაწყისში, მაგრამ მივიღეთ ერთიანი ხაზი, რასაც უნდა გავყვეთ და ვიცით, რომ ამას უნდა მივდიოთ.

დასასრულს, მინდა რეჟიმის ტყვეებს მივმართო, არ ვიცი, მგონია, რომ ერთ-ერთი ადამიანი ვარ, ვისაც კარგად მესმის თქვენი. ერთადერთი მინდა გამძლეობა გისურვოთ და იცოდეთ, რომ ჩემი სახით არის ერთი ადამიანი, რომელიც ყოველ დღე, ყოველ საათს ფიქრობს იმ გამოსავალზე, როგორ გამოგიყვანოთ ციხიდან და როგორ გიხსნათ მაგ გისოსებიდან“, – თქვა გომურმა.