„საქართველოს ახალგაზრდთა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, დღეს მაკო გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. გომურის ინტერესებს სასამართლოში სწორედ „საია“ დაიცავს.
ორგანიზაციის ცნობით, გომური სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას მოითხოვს.
„როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. შსს-ს მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების სროლის შედეგად მაკომ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიიღო. კერძოდ, მას მარცხენა თვალში რეზინის ტყვია მოხვდა, რის შედეგადაც დაკარგა თვალი.
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მაკო გომურს მიღებული აქვს სხეული დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება და აღნიშნულ საქმეზე, მოსარჩელის ინიციატივით, ჩატარდა არაერთი ექსპერტიზა, რომლებსაც ეფუძნება სასარჩელო მოთხოვნები“, – ამბობს „საია“.
ორგანიზაციის ცნობითვე, მათ 20-21 ივნისს დაზარალებული 8 პირის სახელით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით უკვე აქვს სარჩელები სასამართლოში წარდგენილი. ორგანიზაციის განცხადებით, უახლოეს მომავალში იგეგმება სხვა დაზარალებულების სახელით სასამართლოში სარჩელების წარდგენა.