მაკო გომურს სისხლის სამართლის საქმის მასალები სრულად არ გააცნეს – საია

პუბლიკა

20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულ მაკო გომურს გენერალურმა პროკურატურამ შესაბამისი სტატუსი 2019 წლის 11 ნოემბერს მიანიჭა. აღნიშნულის შემდგომ, საიას ადვოკატებმა, რომლებიც მაკო გომურის ინტერესებს იცავენ, მოითხოვეს სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობა. საიას ცნობით, 21 ნოემბერს პროკურატურამ ადვოკატებსა და დაზარალებულს სისხლის სამართლის საქმეში არსებული მასალები არასრულად გააცნო. საიას შეფასებით, ამით დაზარალებულს წაერთვა შესაძლებლობა, შეემოწმებინა და განესაზღვრა, საქმეში არსებული დოკუმენტები იყო თუ არა მის შემთხვევასთან შემხებლობაში.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57.1 (თ) მუხლის თანახმად, დაზარალებულს უფლება აქვს, მიიღოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალებს, თუ ეს არ ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს.

საიას ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ მაკო გომური და საიას ადვოკატები საქმის მასალების სრულად გაცნობას მოითხოვდნენ, პროკურატურამ მათ წვდომის უფლება მრავალტომიანი საქმის მხოლოდ 2 ტომზე მისცა.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ გასაცნობად გადმოცემულ დოკუმენტაციაში არ იყო ერთი სამართალდამცავის ჩვენებაც კი. საქმის მასალებში ასევე, არ იყო რაიმე სახის ინფორმაცია აქციის დაშლის დაგეგმვასთან, პასუხისმგებელ პირთა ან/და მონაწილე დანაყოფებისა და მათი თანამშრომლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ინფორმაციას არსებითი მნიშვნელობა და შემხებლობა აქვს პასუხისმგებელ პირთა გამოსავლენად.

საია მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას:

– მისცეს მაკო გომურსა და მის ადვოკატებს საშუალება, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის მასალებს სრულად;

– განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა და ჩაატაროს სრულყოფილი და ყოველმხრივი გამოძიება, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მაკო გომურისთვის მიყენებული დაზიანებიდან უკვე 5 თვეზე მეტი გავიდა.