მაკრონი: არ გავყვებით ესკალაციის გზას, მაგრამ არ გვაქვს არანაირი ლიმიტი, რუსეთის ქცევაზე რეაგირება გვექნება

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ამბობს, რომ რუსეთმა არ უნდა მოიგოს უკრაინასთან ომი და ევროპაში მდგრადი მშვიდობა უნდა დაბრუნდეს.

მისი თქმით, ამ მიზნის მისაღწევად არ გაჰყვებიან ესკალაციის გზას, რადგან არ სჭირდებათ მორიგი ომი, თუმცა რეაგირებას მოახდენენ რუსეთის ქცევაზე.

„მე ვთქვი, რა არის ჩვენი მიზანი. რუსეთმა ვერ და არ უნდა მოიგოს ეს ომი. გარდა ამისა, ჩვენი მიზანია ევროპაში მდგრადი მშვიდობის დაბრუნება. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ არ გავყვებით ესკალაციის გზას, რადგან არ გვჭირდება მორიგი ომი, მაგრამ ჩვენ მზად ვართ ვთქვათ, რომ არ გვაქვს ლიმიტი და რეაგირებას მოვახდენთ იმაზე, თუ როგორ მოიქცევა რუსეთი“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, უკრაინისთვის ევროპიდან დახმარების მისაწოდებლად ახალი იმპულსია საჭირო.

მან ასევე განაცხადა, რომ თუ პუტინი დაურეკავს, ტელეფონს უპასუხებს და მოუსმენს, რას სთავაზობს რუსეთის პრეზიდენტი.

„საფრანგეთის როლია, ომის ნერვი იყოს, როგორც ჩერჩილმა თქვა. აუცილებელია, ერთი მხრივ, უკრაინას გადასცეს ყველაფერი, რაც აუცილებელია მისი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და მეორე მხრივ, ხელი შეუწყოს დეესკალაციას. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მდგრად, გრძელვადიან და სამართლიან მშვიდობას“, – განაცხადა მაკრონმა.

უკრაინულ „ევროპეისკაია პრავდასთან“ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ის მოამზადებს კონკრეტულ წინადადებებსა და გადაწყვეტილებებს და უკრაინაში ჩავა.

„აბსოლუტურად გულწრფელად გეტყვით: აუცილებლად ჩამოვალ. მე მაქვს წესი, ჩემი ვიზიტი მაქსიმალურად სასარგებლო უნდა იყოს უკრაინისთვის. მე ჩამოვალ უკრაინაში კონკრეტული წინადადებებით, კონკრეტული გადაწყვეტილებებით“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი უკრაინაში ვიზიტის თარიღი უცნობია.