მაკრონი: ევროპას დასჭირდება რუსეთთან თანაარსებობის ისეთი წესების განსაზღვრა, რომლებიც ესკალაციის რისკს შეზღუდავს

პუბლიკა

მიუნხენის უსაფრთხოების 2026 წლის კონფერენციაზე საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპა ამერიკის შეერთებული შტატების „კარგი მოკავშირე და პარტნიორი“ იქნება, რომელიც მზად არის, ტვირთის თავისი წილი პასუხისმგებლობა იკისროს.

მაკრონმა უპასუხა აშშ-ის მხრიდან კრიტიკას, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის მიერ გასულ წელს კონფერენციაზე გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს ევროპის საიმიგრაციო და გამოხატვის თავისუფლების პოლიტიკასთან დაკავშირებით.

„ყველამ ჩვენგან უნდა აიღოს მაგალითი, ნაცვლად ჩვენი კრიტიკისა,“ – თქვა საფრანგეის პრეზიდენტმა.

მაკრონმა განაცხადა, რომ არსებობდა ტენდენცია „ევროპის უგულებელყოფისა და ზოგჯერ მისი პირდაპირი კრიტიკის,“ მისი წარმოჩენისა „დაბერებულ, ნელ და ფრაგმენტირებულ სტრუქტურად,“ როგორც „საზოგადოებისა, რომელიც ბარბაროსული მიგრაციის მსხვერპლია“ და „რეპრესიულ კონტინენტადაც კი, სადაც სიტყვა არ არის თავისუფალი.“

თუმცა, „ევროპა არის თავისუფალი სუვერენული სახელმწიფოების რადიკალურად ორიგინალური პოლიტიკური კონსტრუქცია,“ რომლებმაც უარი თქვეს საუკუნოვან მეტოქეობასა და ომზე, რათა „ეკონომიკური ურთიერთდამოკიდებულების გზით მშვიდობის ინსტიტუციონალიზაცია მოეხდინათ. ახლა კი ევროპამ უნდა ისწავლოს, როგორ გახდეს გეოპოლიტიკური ძალა“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „მისწრაფებას, მოლაპარაკებების გზით მიაღწიოს მშვიდობას“, რათა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინაში, რომელიც 2022 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა, მისივე თქმით, რომ თუ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ევროპის ყველაზე მძიმე კონფლიქტის დასასრულებლად შეთანხმება მიიღწევა, კონტინენტს დასჭირდება „თანაარსებობის ისეთი წესების განსაზღვრა, რომლებიც ესკალაციის რისკს შეზღუდავს“.

„ჩვენ, ევროპელებმა, უნდა ჩამოვაყალიბოთ ჩვენი რეალური გრძელვადიანი უსაფრთხოების ინტერესები ჩვენს რეგიონში, მივცეთ საკუთარ თავს ძალა და გავლენა მათ განსახორციელებლად და, ამავდროულად, გავძლიერდეთ, როგორც თავდაჯერებული დემოკრატიები. ეს ევროპა იქნება კარგი მოკავშირე და პარტნიორი ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, რადგან ის იქნება პარტნიორი, რომელიც ტვირთის თავის წილს იკისრებს. ის იქნება პარტნიორი, რომელსაც პატივს სცემენ.“

გასულ თვეში მაკრონმა აღნიშნა, რომ საფრანგეთი „პატივისცემას ამჯობინებს აგრესიულ ქმედებებს“ მას შემდეგ, რაც ტრამპი იმ ევროპულ ქვეყნებს, რომლებიც გრენლანდიის ასშ-ის იურისდიქციაში გადასვლას ეწინააღმდეგებოდნენ. თუმცა, მოგვიანებით აშშ-ის ლიდერმა უკან დაიხია და დანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო.