მაკრონი: ევროპის პოზიცია ერთიანია, ჩვენი სურვილია გრძელვადიანი და მტკიცე მშვიდობა უკრაინაში

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, გუშინ, 19 თებერვალს მან ევროპელ და კანადელ ლიდერებთან უკრაინის საკითხზე მორიგი შეხვედრა გამართა.

მისი თქმით, ისინი უკრაინის გვერდით დგანან და ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად თავის პასუხისმგებლობას იღებენ.

„მე ახლახან მქონდა კიდევ ერთი გრძელი საუბარი რამდენიმე კოლეგასთან ევროკავშირიდან, ასევე კანადიდან, ისლანდიიდან და ნორვეგიიდან.

საფრანგეთისა და მისი პარტნიორების პოზიცია ნათელი და ერთიანია. ჩვენი სურვილია გრძელვადიანი და მტკიცე მშვიდობა უკრაინაში.

ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით და ვიღებთ ყველა ჩვენს პასუხისმგებლობას ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საფრანგეთის ფუნდამენტური ინტერესი და მე ვარ მისი გარანტი.

ჩვენ ვიზიარებთ მიზანს, რომელიც ასევე არის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიზანი, რომ დასრულდეს რუსეთის მიერ თითქმის სამი წლის განმავლობაში წარმოებული აგრესიული ომი.

ჩვენი ძალისხმევა მშვიდობისთვის გაგრძელდება შემდეგი პრინციპების დაცვით, რაც ჩვენს ინტერესშია:

  • უკრაინა ყოველთვის უნდა იყოს ჩართული და მისი უფლებები დაცული იყოს;
  • მშვიდობა უნდა იყოს ხანგრძლივი და თან ახლდეს ძლიერი და სანდო გარანტიები;
  • მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ევროპელების უსაფრთხოების საზრუნავი“, – წერს მაკრონი.

გარდა ამისა, მაკრონი აღნიშნავს, რომ აუცილებელია ევროპამ გაზარდოს თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო პოტენციალის ზრდის ხარჯები. მისივე თქმით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებები უახლოეს დღეებში და კვირებში იქნება მიღებული.