მაკრონი გამოვიდა და პრაქტიკულად იგივე თქვა, მას რატომ არ აკრიტიკებენ?! - პრემიერი

პუბლიკა

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების სამიტზე უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით თავისი კომენტარი კიდევ ერთხელ განმარტა.

ღარიბაშვილის თქმით, მას არ სურდა რუსეთის ხელისუფლების ციტირება, ამასთან მიაჩნია, რომ ერთ-ერთი მიზეზი იყო სწორედ უკრაინის სურვილი, გამხდარიყო NATO-ს წევრი.

„ბოლო დღეებია, ვუყურებ თქვენს სასოწარკვეთილ ქმედებებს და მინდა გავაკეთო კომენტარი. აჟიოტაჟი გამოიწვია ჩემმა განცადებამ ბრატისლავაში, რომელიც მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო. მე ვთქვი, რომ ერთ-ერთი მიზეზი ამ დიდი ომის, ერთ-ერთი მიზეზი და არა ერთადერთი, იყო უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ან გახდეს NATO-ს წევრი.

შემდეგ ვთქვი, რომ მე არ მინდა ციტირება რუსეთის ხელისუფლების, მათი განცხადებების, რადგან კითხვა იყო, თუ რატომ დაიწყო და მე ამით ვაჩვენე, რომ ერთი, რომ უკრაინას, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს ჰქონდა სურვილი, გამხდარიყო ევროკავშირისა და NATO-ს წევრი ქვეყანა და მეორე ის იყო, რომ არ მინდოდა, მომეხდინა ციტირება.

აქვე მინდა, შეგახსენოთ ყველას, რომ მეორე დღესვე ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროკომისიის პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ ამ ომის ერთ-ერთი მიზეზია უკრაინის სურვილი, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი.

მე კითხვა მინდა დავუსვა აი, ამ ბრძენ კრიტიკოსებს, რომლებიც არ ჩერდებიან -ჯობია, გაჩერდნენ. უფრო მეტის თქმა შეგვიძლია და არ გვინდა, რომ ვთქვათ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, იმავე სამიტზე NATO ემანუელ მაკრონმაც დაასახელა რუსეთის აგრესიის მიზეზად, მაგრამ მაკრონი ამის გამო არ გაუკრიტიკებიათ.

„რამდენიმე საათში ქალბატონ ურსულას გამოსვლიდან, ბატონი მაკრონი გამოვიდა, რომელმაც განაცხადა, პრაქტიკულად, იგივე და კიდევ უფრო მეტიც. ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტ მაკრონის განცხადება, რომ უკრაინას და საქართველოს მიეცათ პერსპექტივა NATO-ში გაწევრების, ყოველგვარი უსაფრთხოების გარანტიების გარეშე. რამაც გამოიწვია რუსეთის აგრესია საქართველოსა და უკრაინაში.

ახლა მე კითხვა მინდა დავუსვა ყველას – რატომ არ აკრიტიკებენ ბატონი მაკრონის განცხადებას ან ქალბატონი ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას?! ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია იგივე ჩვენს ომთან დაკავშირებით, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ყოფილა ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია.

ეს ყველაფერი არის გამოწვეული იქიდან, რომ ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებს რეალურად არ სურთ ჩვენი ქვეყნის NATO-სა და ევროკავშირში გაწევრება.

მე ვერაფრით ვერ ვხსნი, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, რატომ უნდა იყოს დაინტერესებული რომელიმე ექსპერტი თუ ნებისმიერი ქვეყნის მთავრობის რომელიმე ყოფილი წევრი ამ თემის არასწორი ინტერპრეტაციით, დამახინჯებით და არასწორი განცდების შექმნით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა დაამატა, რომ NATO-ს როგორც მოქმედი, ისე ყოფილი ხელმძღვანელობისგან ალიანსში საქართველოს გაწევრების შესახებ ყოველთვის ბუნდოვან პასუხს იღებდა. გასულ წელს კი საქართველომ კანდიდატის სტატუსიც ვერ მიიღო. მისი თქმით, სწორედ ამაზე უნდა გაამახვილონ ყურადღება „კრიტიკოსებმა“.

„მე არ მინდა, საუბრის შინაარსი გამოვიტანო, მაგრამ ბუნდოვანი იყო, დღესაც ბუნდოვანია საერთოდ. მე ვეუბნებოდი, რომ დღეს ქვეყანას ჰყავს ჯარი სრულიად თავსებადი NATO-სთან. ჩვენ ამდენი ვიომეთ ავღანეთში, ერაყში, ყველგან, სისხლი დავღვარეთ და ბოლოს, შარშან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს ქვეყნის კანდიდატის სტატუსი მაშინ, როცა დსთ-ს წევრ მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი“, – თქვა პრემიერმა.