საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას რუსეთის ქცევაზე და ამ კონტექსტში მის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.
მან თქვა, რომ ბოლო წლებში რუსეთის აგრეიის ბუნება, ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, შეცვალა. მაკრონის თქმით, ბევრად უფრო აგრესიული გახდა კრემლის დამოკიდებულება მეზობლების მიმართ:
„სომხეთში რუსეთმა მოულოდნელად შეცვალა თავისი ალიანსები და მხარი დაუჭირა აზერბაიჯანის ქმედებებს, რადგან პირველად ჰყავდა პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მას გაბედულად შეეწინააღმდეგა. საქართველოში, სადაც აშკარად მოახდინა საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაცია და გაყალბება/ფალსიფიცირება. მოლდოვაში, სადაც იგივე სცადა, მაგრამ ვერ მოახერხა, და მე ვაფასებ პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობასა და სიმტკიცეს”, – განაცხადა მაკრონმა.
26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგები ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიებიდან არც ერთს არ უღიარებია. ოპოზიცია პარლამენტში არ შევიდა. შედეგები არალეგიტიმურად გამოაცხადა მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნების ჩატარებაა.
შესწორება: თავდაპირველად საფრანგეთის პრეზიდენტის ციტატაში ასევე ნახსენები იყო „ბიულეტენების ყუთებში ჩაყრაც”. რედაქცია ეყრდნობოდა FRANCE 24 English-ის თარგმანს. მოგვიანებით, ციტატა დაზუსტდა მაკრონის ფრანგულენოვანი განცხადების საფუძველზე.