მაკრონი, შოლცი და დრაგი უკრაინაში ჩავიდნენ

პუბლიკა

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის ლიდერები უკრაინაში ჩავიდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა, ოლაფ შოლცმა და მარიო დრაგიმ პოლონეთიდან უკრაინისკენ მატარებლით იმგზავრეს.

ვიზიტის ამსახველ ფოტოს „ტელეგრამის“ არხზე „უკრაინის რკინიგზის“ დირექტორი ალექსანდრ კამიშინი აქვეყნებს.

უკრაინის ოფიციალური წყაროების ცნობით, ისინი პრეზიდენტ ზელენსკის  შეხვდებიან ევროკავშირის წევრობის განაცხადის განსახილველად და მხარდაჭერის გამოსახატავად.

უკრაინაში ვიზიტამდე საფრანგეთის პრეზიდენტი მაკრონი გუშინ, 15 ივნისს მოლდოვას სტუმრობდა.

მოლდოვის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა განაცხადა, რომ მოლდოვის სურვილი ევროკავშირში გაწევრების შესახებ „სრულად ლეგიტიმურია“.  

Reuters წერს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი დაეხმარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს კონსენსუსის მიღწევაში მოლდოვის ბლოკში გაწევრების საკითხთან დაკავშირებით.

ევროკომისრები საქართველოს, მოლდოვის და უკრაინის განაცხადის შეფასებას ხვალ, 17 ივნისს გაასაჯაროებენ.