საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ფრანგულ მედიასთან უკრაინის მხარდაჭერის აუცილებლობაზე ილაპარაკა.
მან მოუწოდა ევროპელებს, არ იყვნენ სუსტები და რეაგირებისთვის მოემზადონ.
ემანუელ მაკრონმა გასულ თვეშიც თქვა, რომ მომავალში ვერ გამორიცხავს ფრანგული ჯარების განთავსებას უკრაინაში. მის ამ განცხადებას სხვა ევროპელი ლიდერები გაემიჯნენ.
გუშინდელ ინტერვიუში საფრანგეთის პრეზიდენტს სწორედ ამ განცხადებაზე ჰკითხეს.
„დღეს ჩვენ არ ვართ ამ სიტუაციაში. მაგრამ ყველა ვარიანტი შესაძლებელია”, – თქვა ემანუელ მაკრონმა.
მანვე დასძინა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი საფრანგეთისა და ევროპისთვის „ეგზისტენციალურია”.
მაკრონმა, რომელიც საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალია, უარი თქვა, დაეკონკრეტებინა, რა სიტუაციაში იქნება საფრანგეთი მზად უკრაინაში ჯარის გაგზავნისთვის. თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ პასუხისმგებლობა ყველა ასეთ ნაბიჯზე მოსკოვს დაეკისრება.
პრეზიდენტის თქმით, საფრანგეთი არასდროს წამოიწყებს შეტევას რუსეთის წინააღმდეგ, და პარიზი არ ყოფილა ომში მოსკოვთან, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა დაიწყო აგრესიული თავდასხმები საფრანგეთის ინტერებზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ.
„კრემლის რეჟიმი ჩვენი მოწინააღმდეგეა”, – თქვა მან და უარი განაცხადა, რუსეთისთვის მტერი ეწოდებინა. მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ ვლადიმირ პუტინის მუქარები ბირთვული თავდასხმების შესახებ მიუღებელია.
მისივე თქმით, უკრაინა რთულ სიტუაციაშია და მოკავშირეების მხრიდან უფრო მტკიცე მხარდაჭერა აუცილებელია.
„მშვიდობა უკრაინის კაპიტულაციას არ ნიშნავს. გინდოდეს მშვიდობა, არ ნიშნავს დამარცხებას. გინდოდეს მშვიდობა არ ნიშნავს, რომ უკრაინა უნდა დანებდეს. თუ ამ ომს რუსეთი მოიგებს, ევროპის სანდოობა ნულამდე დაიწევს”, – თქვა პრეზიდენტმა.
მაკრონისვე თქმით, თუ ომი ევროპაში გავრცელდება, დამნაშავე რუსეთი იქნება.
„მაგრამ თუ ჩვენ გადავწყვეტთ, სუსტები ვიყოთ, თუ გადავწყვეტთ, რომ არ გავცეთ პასუხი, ეს უკვე ნიშნავს დამარცხების არჩევას. და მე ეს არ მინდა”, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
მაკრონის განცხადებით, მნიშვნელოვანია, ევროპას არ გქონდეს წითელი ხაზები, რაც რუსეთს მის სისუსტეზე მიანიშნებს და წაახალისებს მისი შეჭრის გახანგრძლივებას უკრაინაში.
ემანუელ მაკრონმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ დადგება დრო, როცა რუსეთის პრეზიდენტთან სამშვიდობო მოლაპარაკებების განხორციელება შესაძლებელი იქნება, „ვინც არ უნდა იყოს ის”. ამ განცხადებით მაკრონმა გაითვალისწინა შესაძლებლობა, რომ ვლადიმირ პუტინი აღარ იყოს რუსეთის სათავეში.
მისივე თქმით, უკრაინაში დაგეგმილი ვიზიტი უსაფრთხოების საკითხების გამო არ გაუუქმებია. „ეს არის ის, რასაც რუსეთი ამბობს. მას არ უნდა დაუჯეროთ”, – თქვა მაკრონმა.