მაკრონის შეფასებით, საქართველო „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“

პუბლიკა

POLITICO-ს ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოლდოვაში ვიზიტისას განაცხადა, რომ მას სურს ევროკავშირმა „მკაფიო და პოზიტიური სიგნალი“ გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას მომავალ კვირაში გადაწყვეტილების მიღებამდე – მიენიჭოთ თუ არა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

გამოცემის ცნობით, მაკრონმა განაცხადა, რომ საქართველო „გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა“. მისივე თქმით, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება განსაკუთრებული ნაბიჯი იქნებოდა.

„მინდა, რომ ჩვენ გამოვგზავნოთ მკაფიო და პოზიტიური სიგნალი, თუმცა ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. მე არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მოლდოვა უკრაინისგან“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა თქვა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება იყო ის, რაც ევროკავშირს „ემართა [მოლდოვისა] და რეგიონის“.


დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ემანუელ მაკრონმა, ოლაფ შოლცმა და მარიო დრაგიმ პოლონეთიდან უკრაინისკენ მატარებლით იმგზავრეს.

ვიზიტის ამსახველ ფოტოს „ტელეგრამის“ არხზე „უკრაინის რკინიგზის“ დირექტორი ალექსანდრ კამიშინი აქვეყნებს.

უკრაინის ოფიციალური წყაროების ცნობით, ისინი პრეზიდენტ ზელენსკის  შეხვდებიან ევროკავშირის წევრობის განაცხადის განსახილველად და მხარდაჭერის გამოსახატავად.