საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი პირველ ეტაპზე უკრაინაში ცეცხლის ერთთვიანი შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან. ამის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Figaro წერს.
„ფიგაროსთვის” მიცემულ ინტერვიუში მაკრონმა განაცხადა, რომ ერთთვიანი ზავი მოიცავს ჰაერიდან და ზღვიდან შეტევებისა და ენერგოობიექტებზე დარტყმების შეწყვეტას.
„ცეცხლი უნდა შეწყდეს ჰაერში, ზღვაზე და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე“, – თქვა მან.
მაკრონის თქმით, მან და სტარმერმა ეს ინიციატივა 2 მარტს, ლონდონში უკრაინასა და ევროპის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სამიტის მონაწილეებს გააცნეს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტა იქნება პირველი ეტაპი, რომლის განმავლობაშიც მოლაპარაკებები გაგრძელდება, ხოლო რაც შეეხება მშვიდობის უზრუნველსაყოფად ჯარების განლაგებას, მაკრონის თქმით, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ საბოლოო შეთანხმების მიღწევის შემდეგ.
„მომდევნო კვირებში ევროპული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არ იქნებიან. საკითხი მდგომარეობს იმაში, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ დროს, რათა ვცადოთ, მივაღწიოთ ცეცხლის შესაძლო შეწყვეტას მოლაპარაკებებით, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში გაგრძელდება, და შემდეგ, სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერის მერე, მოხდება ჯარების განლაგება“, – განაცხადა მაკრონმა.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ევროპელებმა უნდა გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ბიუჯეტი.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთიდან გამგზავრებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ინფორმირებულია მაკრონისა და სტარმერის ინიციატივის შესახებ. შეკითხვაზე, იცის თუ არა ამ გეგმის შესახებ, ზელენსკიმ უპასუხა: „მე ყველაფერი ვიცი“.
2 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად უკრაინის შესახებ ლონდონში იმსჯელეს ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა. სამიტს ესწრებოდნენ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრუდო, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ასევე სამიტზე მიწვეულები იყვნენ NATO-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიო კოშტა.
სამიტის დასრულების შემდეგ დირი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინას 1.6 მლრდ ფუნტის დახმარებას გამოუყოფს.
„ეს ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული ინფრასტრუქტურის დასაცავად და უკრაინის გასაძლიერებლად, რათა მშვიდობა უზრუნველვყოთ. ჩვენ უნდა ვისწავლოთ წარსულის შეცდომებზე. არ შეგვიძლია, მივიღოთ მინსკის შეთანხმების მსგავსი სუსტი შეთანხმება, რომელიც რუსეთს მარტივად შეუძლია, რომ დაარღვიოს’. – თქვა კირ სტარმერმა.
მანვე აღნიშნა 1 მარტს მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ბრიტანეთი უკრაინის დასახმარებლად 2.2 მილიარდ ფუნტს გამოყოფს.
ეს თანხები გაყინული რუსული აქტივებიდან იქნება უზრუნველყოფილი.
გარდა ამისა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე შეთანხმდნენ 4 მნიშვნელოვან ნაბიჯზე:
- „სანამ ომია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელება და რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერება
- ნებისმიერმა განგრძობადმა მშვიდობამ უნდა უზრუნველყოს უკრაინის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება და უკრაინა უნდა იყოს მშვიდობის მოლაპარაკებების ნებისმიერ მაგიდასთან
- სამშვიდობო შეთანხმების დადების შემთხვევაში, ევროპელი ლიდერები მიზნად დაისახავენ, შეაკავონ რუსეთის უკრაინაში შეჭრა მომავალში.
- იქნება „მსურველთა კოალიცია”, რომელიც დაიცავს უკრაინას და იქნება ქვეყანაში მშვიდობის გარანტი”.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ „ევროპამ სიმძიმეები უნდა აწიოს”, მაგრამ საჭიროა აშშ-ის მხარდაჭერა.