საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების სამიტზე საუბრისას უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შესაძლო მიცემაზე ისაუბრა.
უკრაინის NATO-ში გაწევრების შესახებ შეკითხვის პასუხად, დაუჭერს თუ არა საფრანგეთი მხარს უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებას, მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ალიანსში შესვლის შესახებ დისკუსია მიმდინარეობს და ივლისში ვილნიუსის სამიტზეც გაგრძელდება. თუმცა მაკრონის თქმით, სრული წევრობის შესახებ კონსესუსის მიღევა რთული იქნება.
სანაცვლოდ, საფრანგეთის პრეზიდენტმა NATO-ში გაწევრებამდე უკრაინისთვის უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების მიცემის იდეა გააჟღერა. მისი თქმით, უკრაინამ უნდა მიიღოს დაახლოებით ისეთი მხარდაჭერა, როგორსაც ისრაელი იღებს აშშ-სგან, მრავალწლიანი კონკრეტული შეიარაღებისა და სხვა ტიპის დახმარებით.
„უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების ძლიერი, კონკრეტული და ხელშესახები გარანტიები […] ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ისეთი მოდელი, რომელიც ისრაელისთვის მიცემულ უსაფრთხოების გარანტიებსა და NATO-ს სრულფასოვან წევრობას შორის იქნება“, – განაცხადა მაკრონმა.
მისი თქმით, ამასთანავე უნდა გაღრმავდეს NATO-სა და უკრაინის ურთიერთობა. „ჩვენ გვჭირდება რაღაც ბევრად უფრო არსებითი“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კიევშიც დაიწყეს. უკრაინის ხელისუფლება მოითხოვდა, რომ შექმნილიყო ქვეყნების ერთგვარი ალიანსი, რომელიც მათ უსაფრთოებაზე პასუხისმგებლობა აიღებდა. დასავლეთისგან მხარდაჭერის კონკრეტული მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე საუბრობენ პოლონეთშიც.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი კიევში NATO-ს გენერალური მდივნის ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ესმის ომის განმავლობაში უკრაინა ალიანსის წევრი ვერ გახდება, მაგრამ კიევში უნდა დაინახონ, რომ ვილნიუსის სამიტზე უკრაინა NATO-გან ხელშესახებ მხარდაჭერას მიიღებს.