მაკრონის თქმით, საფრანგეთი უკრაინის მორიგ სამიტს 27 მარტს უმასპინძლებს

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ უკრაინის მხარდამჭერი ქვეყნების კოალიციის ლიდერები მომავალ ხუთშაბათს პარიზში შეიკრიბებიან. მან თქვა, რომ სამიტს დაესწრება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც.

მაკრონმა განცხადება გააკეთა ხუთშაბათს, მას შემდეგ, რაც ლონდონმა უმასპინძლა „მსურველთა კოალიციის“ სამხედრო მაღალჩინოსნების დისკუსიებს. ბრიტანეთში შეიკრიბა 20-ზე მეტი ქვეყნის შტაბის უფროსი, რომელთაც სურთ, გაწევრიანდნენ ე.წ. „მსურველთა კოალიციაში“, ბრიტანეთისა და საფრანგეთის ხელმძღვანელობით.

მაკრონმა – რომელმაც ბრიტანეთის პრემიერთან ერთად განაცხადა, რომ მზად არის სამშვიდობო ჯარები განათავსოს უკრაინაში – თქვა, რომ მომავალი ხუთშაბათის შეხვედრა იქნება შანსი, რომ დახვეწონ მუშაობა ნებისმიერი ზავის გამძლეობის უზრუნველსაყოფად.

„ჩვენ დავასრულებთ მუშაობას უკრაინის არმიის მოკლევადიან მხარდაჭერაზე, მდგრადი და გამძლე უკრაინული არმიის მოდელის დაცვაზე რუსეთის შემოსევების თავიდან ასაცილებლად; შემდეგ კი უსაფრთხოების გარანტიებზე, რომლებსაც ევროპული არმიები უზრუნველყოფენ“, – თქვა მან.