მაკრონის თქმით, უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემენ

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საფრანგეთი უკრაინას დამატებით 2 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარებას გადასცემს. დახმარების პაკეტში შედის ტანკსაწინააღმდეგო რაკეტები, მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტები და დრონები.

პრესკონფერენციაზე მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტას წინაპირობის გარეშე უნდა დათანხმდეს. მისივე თქმით, „ძალიან ადრეა“ კრემლისთვის სანქციების მოხსნა.

„მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი აცხადებს, რომ მშვიდობა სურს, რუსეთი აგრძელებს ინტენსიურ იერიშებს უკრაინის ტერიტორიაზე, მათ შორის სამოქალაქო ობიექტებზე“, – თქვა მაკრონმა და დაგმო უკრაინაზე თავდასხმები.

დღეს, დაახლოებით 31 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას პარიზში გამართულ სამიტში, რათა განიხილონ უკრაინისა და უსაფრთხოების საკითხი – „მსურველთა კოალიცია“, რომელიც მსჯელობს რა სახის დახმარება შეუძლიათ გაუწიონ კიევს, რათა ცეცხლის შეწყვეტა ხანგრძლივი იყოს.