მაკრონის თქმით, მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება უკრაინის საკითხისთვის

პუბლიკა

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის საკითხისთვის მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება. მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ პუტინთან მოლაპარაკებამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია. მაკრონსა და პუტინს შორის შეხვედრა ხუთ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.

„მომდევნო დღეები გადამწყვეტი იქნება და საჭიროა დისკუსიის აქტიურად გაგრძელება, რომელსაც ჩვენ ერთად მივყვებით“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონს დაეთანხმა ვლადიმერ პუტინიც, რომელმაც განაცხადა, რომ მაკრონის მოსაზრებებმა შეიძლება ხელი შეუწყოს კრიზისის განმუხტვას.

„მისი მოსაზრებების, შემოთავაზების ნაწილი, რომლებზეც ჯერ კიდევ ნაადრევია საუბარია, შესაძლოა, რომ შემდგომში ერთობლივი ნაბიჯების საფუძველი გახდეს“, – თქვა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინთან გამართული მოლაპარაკების შემდეგ მაკრონი უკრაინის ხელისუფლებას შეხვდება, რის შემდეგაც, სავარაუდოდ, საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტები კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.

თუმცა, ვლადიმერ პუტინი ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად საქართველოსა და უკრაინისთვის NATO-ში შესვლაზე უარს ასახელებს. კრემლში აცხადებენ, რომ სხვა საკითხების განხილვა ამაზეა დამოკიდებული.

მაკრონთან შეხვედრის შემდეგ პუტინმა განაცხადა, რომ თუკი უკრაინა ალიანსში გაწევრდება და ყირიმის სამხედრო გზით დაბრუნებას შეეცდება, რუსეთი და NATO ისეთ ომში ჩართულები აღმოჩნდებიან, რომელსაც გამარჯვებული არ ეყოლება.