საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირის მაკროსაფინანსო დახმარებაზე უარი ხელისუფლების მხრიდან გაუგებარი ნაბიჯი იყო და ნაკლებად ლოგიკურია არგუმენტი, რომ თითქოს ხელისუფლებამ საგარეო ვალის შემცირება გადაწყვიტა. ამის შესახებ პრეზიდენტმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
„რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის თუ შიდაპოლიტიკური დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება.
ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით ან რამე მიზეზით ევროპული თანადგომისა და მისი ჩვენი ქვეყნისადმი ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ ქვეყნის შიდა თუ გარე იმ ძალებს, რომლებსაც სურთ, გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.
სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია.
ეკონომიკური არგუმენტი – ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორ ციფრიანი, ის მაინც ვერ ახდენს იმ სოციალური და ადამიანური ზიანის ანულირებას, რომელიც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლეობას და რისი შემცირებასაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75-მილიონიანი, ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის სესხი.
გაუგებარია, თუ რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება, დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია.
ცოტა არ იყოს პარადოქსულადაც ჟღერს ერთი ხელით ევროპის სესხზე უარის თქმა და, მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტებზე, მათ შორის, რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება, მაშინ, როცა ის დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ამ გადაწყვეტილების შედეგები მხოლოდ ეკონომიკური კუთხით არ შემოიფარგლება და შეეხება საქართველოს რეპუტაციასა და ქვეყნის სანდოობას.
„მართალია, რომ ხელისუფლებას ნებისმიერ სესხზე უარის თქმის უფლება აქვს. თუმცა, სესხთან ერთად ხელმოწერილი დოკუმენტების მიმართ ცვალებადი დამოკიდებულება და ცალმხრივი აუხსნელი გადაწყვეტილებები შესაძლოა, აისახოს როგორც ქვეყნის ხვალინდელ რეიტინგზე, ისე უცხოელი ინვესტორების განწყობაზე“, – თქვა პრეზიდენტმა.