„მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას კი არც ერთი არ ექნება“ - ზელენსკი

პუბლიკა

„არასოდეს დავივიწყებთ იმას, რაც ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს მეორე მსოფლიო ომში, რომელშიც რვა მილიონზე მეტი უკრაინელი დაიღუპა. ძალიან მალე უკრაინაში გამარჯვების ორი დღე იქნება, ვიღაცას კი არც ერთი არ ექნება. მაშინ მოვიგეთ, ჩვენ ახლა გავიმარჯვებთ“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  მეორე მსოფლიო ომის დასრულების 77 წლისთავისადმი მიძღვნილ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ჩვენ მაშინ მოვიგეთ, ჩვენ ახლაც გავიმარჯვებთ“, – თქვა მან.

ზელენსკის განცხადებით, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, უკრაინა იბრძვის კიდევ ერთი გამარჯვებისთვის. მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის საკუთარი დამოუკიდებლობისთვის იბრძოდა და მათი წინაპრების ბრძოლას ამაოდ არ ჩაუვლია.

„ჩვენ ვიბრძოდით სხვადასხვა ომში, მაგრამ ყველას ერთი დასასრული ჰქონდა. ჩვენს მიწაში დათესეს ტყვიები და ჭურვები, მაგრამ აქ ფესვები ვერც ერთმა მტერმა ვერ გაიდგა. ჩვენს ცაზე დაფრინავდნენ რაკეტები, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო, გადაეფარა ჩვენი ლურჯი ცა. არ არსებობს დამპყრობელი, რომელიც შეძლებს ჩვენი ერის მართვას“, – განაცხადა მან.