მალხაზ მაჩალიკაშვილი დაკავებულია - ადვოკატი

პუბლიკა

მალხაზ მაჩალიკაშვილი გუშინ რუსთაველის გამზირზე დააკავეს. ამის შესახებ მედიასთან სოციალური სამართლიანობის ცენტრის იურისტმა, მარიამ პატარიძემ ისაუბრა. ის მალხაზ მაჩალიკაშვილის ინტერესებს იცავს.

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული. ის ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული. მისი ადვოკატი მედიასთან ამბობს, რომ ის პოლიციის მოწოდების დაუმორჩილებლობისა და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

„სოლიდარობის აქციის მხარეს იდგა და ჯებირებს მიღმა ადამიანები მისი მისამართით იჩენდნენ დევნას, ასე ვთქვათ. როდესაც მისი იდენტიფიცირება მოხდა, დაუწყეს როგორც სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ფიზიკურადაც იწევდნენ მისკენ. ფაქტი არის, რომ თუ პოლიცია მის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა, მის მიმართ ადმინისტრაციული დაკავება არ უნდა განეხორციელებინა“, – განაცხადა სოციალური სამართლიანობის ცენტრის ადვოკატმა მარიამ პატარიძემ.

„პუბლიკა“ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და დეტალების გარკვევას ცდილობს.


გუშინ პარლამენტის წინ, 5 ივლისს თბილისში განვითარებული ძალადობრივი მოვლენების გასაპროტესტებლად მდუმარე აქცია გაიმართა. აქციას Tbilisi Pride-ის წევრებიც შეუერთდნენ.

„თბილისი პრაიდის“ წევრებმა და აქციის მონაწილეებმა LGBTQ+ დროშა გაშალეს და ფერადი კვამლი გაუშვეს.

პარლამენტის წინ მიმდინარე მდუმარე აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირის მეორე მხარეს, ქაშვეთის ეკლესიასთან ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის წევრები იყვნენ შეკრებილი. ისინი პარლამენტის წინ გადასვლას ცდილობდნენ, მაგრამ მათ პოლიციის კორდონი აკავებდა.