მალხაზ მაჩალიკაშვილი მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა

პუბლიკა

დღეს სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილი. მან თავად მოითხოვა მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მას შემდეგ, რაც სახლში მიიღო უწყება, რომლითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთ მიმდინარე საქმესთან დაკავშირებით უწყებაში მისვლას სთხოვდა.

მაჩალიკაშვილმა თქვა, რომ ხელი მოაწერა გაუთქმელობაზე და მედიასთან დეტალებზე არ ისაუბრა. მისი თქმით, კითხვები ეხებოდა მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით დაწერილ პოსტებს და მუქარის შემცველ ტონს რატომ შეიცავს მისი სტატუსები.

„მე ავუხსენი, შეიძლება თქვენთვის იყოს მუქარის ტონით, მაგრამ ჩემი ქართულით, არ ვფიქრობ, რომ ეს მუქარის შემცველი გამოსვლებია…. მე არ მიმაჩნია ეს მუქარად, რასაც მე ვთვლი სწორად, იმას ვაკეთებ, უბრალოდ ხელისუფლებისთვის მიუღებელია ნებისმიერი სხვა აზრის მქონე ადამიანი“, – თქვა მაჩალიკაშვილმა „ტვ პირველთან“.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი, ქეთი ჩუთლაშვილი ამბობს, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე წლებია გამოძიება მიმდინარეობს და გამოკითხვა ეხებოდა Facebook-ზე გარკვეულ აქტივობებს

„ეს არ არის ახალი სისხლის სამართლის საქმე, ამ სისხლის სამართლის საქმეზე წლებია მიმდინარეობს გამოძიება და ამ შემთხვევაში გამოკითხვა შეეხებოდა Facebook გაკეთებულ გარკვეულ აქტივობებს, რაც ძირითადად უკავშირდება ცალკეული პოსტებისა და კომენტარების დაწერას. ეს იყო და ეს, რამდენიმე კითხვა დაუსვეს ბატონ მალხაზს, ბატონმა მალხაზმა გასცა პასუხი და გამოძიებამ მიიღო ეს პასუხები…. გარკვეული კითხვები იყო Facebook კომენტარებთან და პოსტებთან დაკავშირებით, რაც კი ბატონო შესაძლოა გარკვეულ შემთხვევაში აქციებთან ყოფილიყო დაკავშირებული, მაგრამ თვითონ სისხლის სამართლის საქმე რომლის ფარგლებშიც მოხდა გამოკითხვა, არ ეხებოდა მიმდინარე აქციებს“ , – ამბობს ქეთი ჩუთლაშვილი.