მალხაზ მაჩალიკაშვილი ენმ-ის წევრ თინა ბოკუჩავასთან ერთად პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდა. დაცვის წევრებმა ის შენობაში არ შეუშვეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა, დაპირისპირების შემდეგ კი მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუძლოდ გახდა. მას ადგილზე სამედიცინო დახმარება გაუწიეს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებმა.
მალხაზ მაჩალიკაშვილის ენმ-ის წევრებთან ერთად თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ ბრიფინგი უნდა გაემართა პარლამენტში. ის სწორედ ამ მიზნით ითხოვდა პარლამენტში შესვლის ნებართვას.
თინა ბოკუჩავას თქმით, დღეს პარლამენტში არის დეპუტატების ის რაოდენობა, რაც ამ საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საკმარისია.
28 იანვარს პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე განცხადება გაავრცელა. პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება შეწყვიტა.
არასამთავრობო ორგანიზაცია EMC-ის შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად დაუსაბუთებელი და თვითნებურია, რამდენადაც გამოძიებამ ვერ უპასუხა არაერთ მნიშვნელოვან გარემოებას, რაც საქმეში სახელმწიფოს მხრიდან არსებით გადაცდომებზე მიუთითებდა.