მალნუტრიცია, ცილოვანი შიმშილი, კუნთის მასის მკვეთრი შემცირება - ომბუდსმენის კონსილიუმი სააკაშვილზე

პუბლიკა

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, 22 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილმა სპეციალისტთა და ექსპერტთა ჯგუფმა მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა და შეისწავლა მისი სამედიცინო მდგომარეობა. ომბუდსმენმა დღეს კონსილიუმის შეჯერებული დასკვნა წარმოადგინა.

ბოლო ვიზიტთან (11.01.2022) შედარებით, პაციენტის მდგომარეობა დამატებით მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. პაციენტი ამჟამად არის უარყოფით კატაბოლურ მდგომარეობაში (ორგანიზმი მოიხმარს საკუთარი ორგანოების დაშლის შედეგად გამოყოფილ ცილებს – ერთგვარი თვითმონელება). კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად მიხეილ სააკაშვილს ფორმალურად შიმშილობა არ აქვს გამოცხადებული, წინა შიმშილობისგან განსხვავებით, მიმდინარეობს წონის კლება კუნთოვანი მასის (ცილის) კლების ხარჯზე. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილოვანი შიმშილი (მიზეზი – ანორექსია).

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კონსილიუმის წევრმა ექიმებმა ისაუბრეს. მათი შეფასებით, სახეზეა მალნუტრიცია, „ცილოვანი შიმშილი“, კუნთის მასის მკვეთრი შემცირება.

„გავეცანით სამედიცინო ისტორიის მონაცემებს. ვნახეთ  გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს. ის ცილები, რომლებიც მას არ მიეწოდება გარედან, ორგანოების დაშლისა და კუნთების დაშლის საშუალებით იღებს ამ ცილებს. ამ დროს კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება, ადამიანის მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული.

ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება იყოს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება, ამჟამად ის იღებს 600-800 კალორიას დღეში, მეტს არა. ორგანიზმში პრაქტიკულად ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთოვანი მასა მკვეთრად შემცირებულია. ასევე არის გამოხატული წნევის ვარდნა, რასაც წამოდგომისას მოჰყვება გონების დაკარგვის წინარე მდგომარეობა. შესაძლებელია, ამას მოჰყვეს გონების დაკარგვაც“,- განაცხადა ნევროლოგმა თენგიზ წულაძემ.

მისივე თქმით, მართალია სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო არაა საკმარისი იმისთვის, რომ სრულად ჩატარდეს ნეირო-ფსიქიატრიული და ფიზიკური რეაბოლიტაცია.

ექიმები ამბობენ, რომ სახეზეა გამოხატული მალნუტრიცია.

„გარდა იმისა, რომ იანვრის შემდეგ კუნთოვანი მასა დაახლოებით გაუნახევრდა (პირველ შესვლაზე როცა ვნახეთ, წონის ძირითადი კლების მიზეზი იყო ცხიმის კლება), ახლა ეს რამდენიმე თვე რომ გადავიდა და ცილას არ იღებს, ადამიანი უკვე კარგავს კუნთს, იმ საშენ მასალას, რითაც ორგანოები არის აშენებული. შესაბამისად, უკვე თავის თავს იყენებს ადამიანი. 8 კილო დაიკლო აქედან ძირითადი არის კუნთოვანი მასა, საკმაოდ მძიმე მაჩვენებელია…

ახლა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ადამიანს სჭირდება სრულფასოვანი კვება. ფაქტია, სრულფასოვანი კვება რომ დაიწყოს, უნდა ჰქონდეს ამისთვის განწყობა. განწყობისთვის ის ფსიქოლოგიური პრობლემა, რომელიც აქვს, უნდა მოიხსნას. ამ ფსიქოლოგიური პრობლემის მოხსნის ორი გზა არსებობს – ფსიქოთერაპია და ნეიროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია ან მედიკამენტური მკურნალობა. სახეზეა ის, რომ ეს მედიკამენტური მკურნალობა არათუ შველის, არაფერს აღარ აკეთებს და ადამიანის მდგომარეობა უარესდება ამის ფონზე. ანუ იმედი გვრჩება პირველ ნაწილზე რაც არის ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია იმ პირობებში, რომელშიც თვითონაა (არ იღებს… იძახის, იქ სადაც ეს დამემართა  ვერ ჩამიტარებენ ამ მკურნალობასო), შესაბამისად ჩვენი რეკომენდაციაა რომ ადამიანს სჭირდება სწორი ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სად ჩატარდება ეს სახელმწიფოს გადასაწყვეტია“,- ამბობს ექიმი გრიგოლ ხურციძე.

ექიმთა რეკომენდაციით, ამ ეტაპზე რეკომენდებულია დროული კომპლექსური ნეირო-ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზოგადად – საკვების მიღების ასეთი მნიშვნელოვანი შეზღუდვა და კერძოდ – ცილოვანი შიმშილი – გარდაუვლად გამოიწვევს კუნთოვანი და ორგანული წონის მნიშვნელოვან კარგვას, ინფექციების მაღალ რისკსა და შინაგან ორგანოთა სისტემების მოქმედების მოშლას.