მამა კირიონი იხსენებს, რომ მელაშვილის შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული - პროკურორი

პუბლიკა

საქართველოს ტერიტორიების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებაში ბრალდებულების საქმის პროკურორის განცხადებით, სასულიერო პირმა – კირიონმა, იგივე ზაზა ონიანმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ მელაშვილის მიერ შედგენილ რუკაში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული. სასამართლო სხდომიდან ინფორმაციას სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„მამა კირიონი ადასტურებს, რომ მას ამ პროცესში უშუალო კომუნიკაცია ჰქონდა ივერი მელაშვილთან. მოწმე იხსენებს ერთ შემთხვევას, როცა საქართველოს და აზერბაიჯანის რუკის ალბომების გაცვლა ხდებოდა, სადაც საქართველოს პოზიცია იქნებოდა დაფიქსირებული, მელაშვილის მიერ შედგენილ რუკებში საქართველოს საზიანო პოზიცია იყო დაფიქსირებული.

ივერი მელაშვილი ცალსახად აცხადებდა კირიონთან კომუნიკაციის დროს, რომ არ გააჩნდა რელევანტური რუკა, რომელიც საქართველოს რუკებს საუკეთესოდ წარმოაჩენდა. ის ამ რუკას ფლობდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროდან ამოღების დროს ვერ იქნა ამოღებული ბრალდებულების მიერ განზრახ არასწორი რუკების განმსაზღვრელი დოკუმენტაცია. ეს მისი ოთახის ჩხრეკის დროს იქნა აღმოჩენილი. შესაბამისად, სახეზეა, რომ ბრალდებულმა ყველა რესურსი გამოყენებინეს, რომ ჩვენ გამოძიებას მისი ბრალის დამადასტურებელი ეს ინფორმაცია ვერ მოგვეპოვებინა”, – განაცხადა სადრაძემ.

IPN-ის ცნობით, პროკურორის თქმით, სასულიერო პირმა კირიონმა გამოკითხვისას განმარტა, რომ აზერბაიჯანის მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა რუკები, სადაც დავით გარეჯის მონაკვეთები საქართველოს სასარგებლოდ ჩანდა. კირიონის კითხვაზე, თუ რატომ არ იყენებდა მელაშვილი აზერბაიჯანის რუკებს, რადგან ის საქართველოს სასარგებლო იყო, კირიონის თქმითვე, ივერი მელაშვილმა მას უარი უთხრა აღნიშნული რუკის გამოყენებაზე.