შსს: მარნეულში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ბრალდებული სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ ტერიტორიაზე დავაკავეთ

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლისა და თურქეთის რესპუბლიკის ართვინის პროვინციის პოლიციის დეპარტამენტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით – 2002 წელს დაბადებული პირი სასაზღვრო სექტორ „კარწახის“ ტერიტორიაზე დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მარნეულში მდებარე ერთ-ერთ ოქროულობის მაღაზიაში, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა მამა-შვილი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილები სამედიცინო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ერთ-ერთი მათგანი, მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამნაშავის ვინაობა მალევე დაადგინეს და მის მიმართ კანონით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები გატარდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შსს-ს ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 19-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.