მამაჩემის როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის - ედუარდ სააკაშვილი

პუბლიკა

ედუარდ სააკაშვილმა „TV პირველის“ ეთერში მამის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა და ასევე გამოთქვა პირადი მოსაზრებები, როგორ შეიძლება მოხდეს დეპოლარიზება და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევა.

„ჩემი აზრით, საჭიროა, მისი ჯანმრთელობის საკითხი იყოს ნაკლებად პოლიტიკური, რომ კონსენსუსი შეიქმნას საზოგადოებაში, რომ ის იმსახურებს ღირსეულ ჯანდაცვას, მკურნალობას და მას უნდა ჰქონდეს წვდომა ამაზე. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ დეპოლიტიზდეს მისი საკითხი. და ამისთვის, შესაძლოა, საჭირო იყოს, რომ მისი როლი პოლიტიკაში საერთოდ გადაიხედოს. ეს ჩემი აზრია“, – განაცხადა ედუარდ სააკაშვილმა.

შეკითხვაზე, თუ რას გულისხმობს „როლის გადახედვაში“ სააკაშვილმა დააზუსტა:

„ვგრძნობ, რომ არის ფართო დაინტერესება საზოგადოებაში მამაჩემის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. მაგრამ მე ადამიანების ტონში ვამჩნევ, რომ ბევრი მათგანისთვის მამაჩემი არ არის მომავლის ლიდერი ან რაღაც მსგავსი. მასზე არ მეკითხებიან ისე, რომ მიშა გამოვიდეს და გადაგვარჩენს და ა.შ., რა თქმა უნდა, არის ბევრი ადამიანი, რომელიც ასე უყურებს ამ საკითხს, მაგრამ არის ძალიან ბევრი ადამიანი, შეიძლება უფრო დიდი ნაწილი, რომელიც აფასებს მის როლს საქართველოს უახლეს ისტორიაში და, უბრალოდ, უნდა მისთვის კარგი… ვფიქრობ, ეს სენტიმენტი საზოგადოებაში არის ფართოდ გავრცელებული. და თუ ჩვენ ვსაუბრობთ ამ საკითხის დეპოლიტიზებაზე, მაშინ თვითონ მამაჩემიც ხომ არ უნდა დეპოლიტიზდეს ცოტა. რადგან მე როგორც ვხედავ, მისი როლი ქართულ პოლიტიკაში გაუგებარია მომავლისთვის. არ ვიცი, კიდევ რა უნდა მოხდეს, რომ ის მთავრობაში დაბრუნდეს და ა.შ. მე როცა შევდივარ მამაჩემთან, ის სულ უკრაინულ ტელევიზიას უყურებს. მგონი, თვითონაც ხვდება, რომ შეიძლება, იქით უფრო ჰქონდეს მომავალი მის აქტიურ პოლიტიკურ კარიერას, ვიდრე აქ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ედუარდ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო.

„ჩამოსვლამდე ის საუბრობდა, რომ მე ახლა ჩამოვალ, შევცვლით ხელისუფლებას, დაიწყება ახალი აღმშენებლობა და ა.შ., მაგრამ ეს თეორია არ გამოდგა მართალი – ის ჩამოვიდა და მივიღეთ ასეთი კატასტროფული მდგომარეობა. ეს იყო ძალიან დიდი შეცდომა“, – აღნიშნა მან.

კომპრომისებისა და მიხეილ სააკაშვილის მომავალის შესახებ შეკითხვას ედუარდ სააკაშვილმა ასე უპასუხა:

„მე არ ვამბობ, რომ რაღაც გარიგება უნდა შედგეს. კულისებში ხელის ჩამორთმევებზე არ მაქვს საუბარი. უბრალოდ, მგონია, რომ თუ კომპრომისზეა საუბარი, შეიძლება ეს ორმხრივი იყოს: აშკარა გახდეს, რომ მამაჩემი ქართულ პოლიტიკაში თავის თავს ვეღარ ხედავს მომავალში და მეორე მხრიდან წამოვიდეს შეიძლება სურვილი, რომ მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზება. შეიძლება, ასეთი რაღაც მოხდეს და მე მხოლოდ მივესალმები ასეთ რამეს“, – განაცხადა მან.

მისივე მოსაზრებით, შეიძლება, საზოგადოებაში შეიქმნას ძალიან ფართო კონსენსუსი იმაზე, რომ სააკაშვილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა საქართველოს უახლეს ისტორიაში, ხელისუფლება კი დათმობებზე წამოვიდეს.

„მაგრამ ამ კონსენსუსში ხალხმა თქვას, რომ „ამიტომ დავაფასოთ მისი ღვაწლი, ცუდი კარგი და შევუქმნათ მას ღირსეული ჯანმრთელობის მდგომარეობის უფლება“. და თუ შეიქმნება ასეთი კონსენსუსი, ხელისუფლებისთვისაც ადვილი იქნება, რომ წამოვიდნენ დათმობაზე ამ საკითხებზე – ჰუმანური მოპყრობის საკითხზე, სამართლებრივად გადავადება, რაც ლეგალურად დაშვებულია“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, საერთაშორისო დონეზეც, როდესაც შეხვედრების დროს აქცენტი კეთდება ჰუმანიტარულ მხარეზე, ბევრად დიდი კონსენსუსი არსებობს ევროპაშიც, „ვიდრე მაშინ, როცა ჩვენ დავიწყებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტპატიმარი. იქ უფრო იყოფა აზრები“.

შეკითხვაზე, ხომ არ განაწყენდებიან მხარდამჭერები, თუ სააკაშვილი დისტანცირდება პოლიტიკისგან, სააკაშვილმა უპასუხა:

„ჩემი აზრით, მამაჩემი უნდა იყოს კონცენტრირებული მხოლოდ ერთ რამეზე, ეს არის მისი გადარჩენა და ჯანმრთელობის აღდგენა, ამაზე მნიშვნელოვანი ჩემთვის და მგონი, მისთვის არაფერი არ უნდა იყოს. […] თუ შეიძლება, რომ ის გახდეს კონსენსუსური, ან პოსტპოლიტიკური ფიგურა, მგონი, ეს მხოლოდ კარგი იქნება. მე პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, ვინც მომავლის იმედით უყურებს, მაგრამ მეორე მხრივ სწორედ ამ თეორიამ მიგვიყვანა დღევანდელ ვითარებამდე – „მიშა, ჩამოდი და ასე და ასე…“, „ის რომ ჩამოვა, მერე…“, ჩამოვიდა და ხომ ვხედავთ, რაც მოხდა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული, ის არის ძალიან წარმატებული პოლიტიკოსი და ამით მას არაფერს არ უკარგავს, „უბრალოდ, დღეს არის სხვა ვითარება ქვეყანაში, ის არის სხვა ადამიანი, არის სხვა დრო და მგონია, რომ, თუ წინსვლასა და დეპოლარიზაციაზეა საუბარი, შეიძლება, ეს იყოს გამოსავლის ნაწილი“.