მამაკაცი აცხადებს, რომ მას და მის სამ მეგობარს, ჰომოფობიური მოტივით, თავს დაესხნენ

პუბლიკა

ახალგაზრდა მამაკაცი სოციალურ ქსელში ინფორმაციას ავრცელებს  და აღნიშნავს, რომ მას და მის სამ მეგობარს თბილისში, ჰომოფობიური მოტივით, თავს დაესხნენ.

„მოგვაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. თავდასხმისას გამოიყენეს ბოთლი. მოძალადეები სასტიკად გაგვისწორდნენ. მაქვს წარბი გახეთქილი, თვალი შესიებული და სახეზე აღმენიშნება ჩალურჯებები. წელის, მენჯისა და ზურგის არეში აღმენიშნება დაჟეჟილობები“, – წერს ის.

„პუბლიკა“ დეტალების გასარკვევად მის ადვოკატს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია.

„მოტივი დავაფიქსირეთ. სავარაუდოდ, მოტივის გამოიკვეთება ამ შემთხვევაში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გამოძიება. პირები, ვინც თავს დაესხნენ, მომენტალურად დააკავეს და გამოკითხეს. შესაბამისად, მიმდინარეობს გამოძიება. გაიარეს სამედიცინო ექსპერტიზა და ველოდებით გამოძიების შედეგებს”, – აცხადებს ადვოკატი.

„პუბლიკამ“ შსს-ს კითხვით მიმართა, თუ რა მუხლითაა გამოძიება დაწყებული. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს. მათივე თქმით, საგამოძიებო მოქმედებები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ას ოთხმოციდან ორას ორმოც საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით, ვადით ორ წლამდე.