მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი დადასტურებული აქვს, ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა - ბოჭორიშვილის კლინიკა

პუბლიკა

ბოჭორიშვილის კლინიკაში გუშინ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული და მესამე კვირაა, კლინიკაში მკურნალობს, ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა. მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია (ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა) საჭირო გახდა იმიტომ, რომ მამაკაცს ორი დღის წინ დაეწყო ტკივილის შეტევა და მისი მდგომარეობა თანდათან გაუარესდა.

„შევეცადეთ, ტკივილი კუპირებულიყო კონსერვატული მკურნალობით, მაგრამ ორი დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა გაუარესდა.

ორმხრივი პნევმონია, ჰიპერკუაგულაცია, პერსონალის საკმაოდ ახლო შეხება მაღალეპიდემიოლოგიურ რისკებთან – ეს სერიოზულ რისკს წარმოადგენდა ოპერაციისთვის.

ჩვენს კლინიკას აქვს სერიოზული გამოცდილება, აქვს ექვსი ოპერაცია მზაობაში. საბედნიეროდ,  ბოქსირებულ სექტორში არის ცალკე საოპერაციო, სადაც იზოლირებულად მოხდა ოპერაცია.

პაციენტი თავს  კარგად გრძნობს, შესაბამისად, დღეს წამოაყენეს კიდეც და დამაკმაყოფილებელია”, – განაცხადა სოლოღაშვილმა.

ბოჭორიშვილის კლინიკის ბოქსირებულ სექტორში მოთავსებულია 75 პაციენტი, 61-ს აქვს კორონავირუსი, 10 გახლავთ არასრულწლოვანი, 18 წლამდე ასაკის. 13-ის მდგომარეობა საყურადღებოა, ერთი რჩება ინტენსიურ მკურნალობაზე. კლინიკაში მოთავსებულია ახალი სამი პაციენტი, სამივეს კლასტერები ცნობილია.