მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას სამოქალაქო კლინიკაში გამოიკვლევენ - EMC

პუბლიკა

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და დაგეგმილი სამედიცინო კვლევების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

ორგანიზაციაში ამბობენ, რომ EMC-იმ, როგორც მამალაძის ინტერესების დამცველმა ორგანიზაციამ მაისი-სექტემბრის პერიოდში არაერთხელ მიმართა სასჯელაღსრულებას დაწესებულებას და ითხოვა გიორგი მამალაძისთვის, მისი მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭირო კვლევების ჩატარებას და შემდგომი მკურნალობის დაგეგმვას.

„თუმცა დაწესებულება მხოლოდ სექტემბერში დაეთანხმა ჩვენს მოთხოვნას. შესაბამისად, გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული გამოკვლევა სამოქალაქო პროფილის კლინიკაში 15 ოქტომბერს იგეგმება და განისაზღვრება დეკანოზის მკურნალობის ტაქტიკაც.

როგორც ცნობილია, დეკანოზი მამალაძე 2019 წლის 22 თებერვლიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მას პარალიზებული აქვს მარჯვენა ზედა და ქვედა კიდური და ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას. ამ ეტაპისთვის, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, პარალიზებულ კიდურებზე აღენიშნება ატროფიის ნიშნები და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვა ჩივილები.

აგრეთვე, სამედიცინო ბარათით დასტურდება, რომ მამალაძის მკურნალობის კონკრეტული გეგმა შემუშავებული კვლავ არ არის და თერაპევტის საქმიანობა პაციენტის ზოგად ჩივილებზე ინფორმაციის მიღებით შემოიფარგლება. ამგვარი მდგომარეობის მიუხედავად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ამ დრომდე არ უზრუნველყოფდა მამალაძისთვის საჭირო სამედიცინო კვლევების ჩატარებას და ადეკვატური სამკურნალო გეგმის შედგენას, -” ამბობენ ორგანიზაციაში.

N18 სამკურნალო დაწესებულებაში დეკანოზის მოთავსებისთანავე EMC მიუთითებდა მის მიმართ გამოვლენილ არასათანადო მოპყრობაზე და ადეკვატური მკურნალობის ჩატარების სირთულეზე, რომელიც ექსპერტთა აზრით მამალაძისთვის დანიშნული სასჯელის გადავადების საფუძველს ჰქმნიდა.

„თუმცა, საქალაქო სასამართლომ არ გაითვალისწინა ექსპერტიზის დასკვნა და 2020 წლის 17 მარტს უარი განაცხადა მამალაძის მიმართ სასჯელის მოხდის გადავადებაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დარჩა სააპელაციო სასამართლოს 21 მაისის გადაწყვეტილებით. EMC აგრძელებს დეკანოზის ინტერესების დაცვას და საზოგადოებას პერიოდულად მიაწვდის მნიშვნელოვან ინფორმაციას”, – ამბობენ ორგანიზაციაში.

„პუბლიკას” სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განუცხადეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე განცხადებას არ აკეთებენ. უწყების განმარტების შემთხვევაში ინფორმაციას დამატებით მოგაწვდით.