გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის ინიციატივით, კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ ფარგლებში, მამის დღე საქართველოში წელს მეხუთედ აღინიშნება.
კორონავირუსული პანდემიის გამო, მამის დღის აღსანიშნავმა ინიციატივებმა ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა. კამპანიის “კაცები ზრუნავენ” ოფიციალურ გვერდზე მომხმარებელს დახვდება სპეციალური ფოტორეპორტაჟი მამებისა და შვილების შესახებ. ასევე, მამის დღისადმი მიძღვნილი ვიდეორგოლი, რომელშიც კამპანიის მხარდამჭერი მამები შვილებთან ერთად მონაწილეობენ.
მამის დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან კამპანიის პარტნიორი კერძო კომპანიებიც. ისინი მომხმარებელს საგანგებო აქციებსა და ფასდაკლებებს სთავაზობენ. აქციებისა და ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია კამპანიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდება.
კამპანიის „კაცები ზრუნავენ“ მიზანია წაახალისოს მამაკაცების, როგორც არამოძალადე და მზრუნველი მამების და მეუღლეების ჩართულობა ოჯახების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის, რათა მამაკაცებმა მეტად დაუჭირონ მხარი გენდერულ თანასწორობას, და ამ გზით – ქალების სოციალურ და ეკონომიურ მონაწილეობას და საზოგადოების გაძლიერებას. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც მის იდეას იზიარებს.
გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ 2019 წელს ჩატარებული კვლევის: „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ თანახმად, ბავშვებზე ყოველდღიური ზრუნვა ჯერ კიდევ რჩება მეტწილად, მხოლოდ დედების ძირითად მოვალეობად. როგორც წესი, ბავშვებს საფენებსა და ტანსაცმელს დედები უცვლიან, თუმცა გარკვეული აქტივობები ორივე მშობელს თანაბრად აქვს განაწილებული. მაგალითად, ბავშვის ექიმთან წაყვანა, მასთან თამაში, საუბარი მის პირად პრობლემებზე, სკოლაში ტარება.
კამპანია „კაცები ზრუნავენ“ ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია Care Together-ის მიერ, შვედეთის მთავრობის და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.